ხვალ, 30 ივნისს, ეკლესია შალვა ახალციხელის ხსენების დღეს აღნიშნავს. XII-XIII საუკუნეების საქართველოს სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი შალვა ახალციხელი 1226 წელს ჯალალედინმა სიკვდილით დასაჯა.
შალვა ახალციხელი იყო თამარ მეფის ვაზირი (ჯერ მეჭურჭლეთუხუცესი, შემდეგ - მანდატურთუხუცესი), ერისთავთერისთავი, ჯავახეთის მონაპირე. შამქორის ბრძოლაში (1195) ხელთ იგდო ხალიფის დროშა, რომელიც თამარ მეფემ გელათში ხახულის ღვთისმშობელს შესწირა. ახალციხელი სარგის თმოგველთან ერთად სარდლობდა ქართველთა ლაშქარს კარისთვის (ყარსი) ბრძოლებში (XIII საუკუნის დასაწყისი). ბასიანის ბრძოლაში (1203) შალვა და მისი ძმა ივანე სარდლობდნენ მესხთა მეწინავე ლაშქარს. თამარის მეფობის ბოლო წლებში მან თურქთაგან გაათავისუფლა კეჩროლი (სამხრეთ საქართველოში). გარნისის ბრძოლაში (1225) ივანე ახალციხელთან ერთად სარდლობდა მესხთა მეწინავე ჯარს. ახალციხელები მტრის სიჭარბეს არ მოერიდნენ, მაგრამ უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდნენ. ახალციხელი ტყვედ ჩავარდა, სჯულის შეცვლაზე უარი თქვა და ჯალალედინმა სიკვდილით დასაჯა.