თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნუგზარ მჭედლიშვილის საჩივარი შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის და მცხეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მიმართ, ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების შ.პ.ს "ბაგემა"- ს და შ.პ.ს "სოფიკო+"ის სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს.ს.ი.პ. "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს" თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირის ჯემალ მამულაშვილის მიმართ, ხოლო სრულად იქნა დაკმაყოფილებული მარიამ ფეიქრიშვილის სარჩელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს.ს.ი.პ. "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს" თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორრმაციით, განმცხადებელი ნუგზარ მჭედლიშვილი შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის და მცხეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს გადაწყვეტილებისა და საჯარიმო ქვითრის გაუქმებას ითხოვდა. საქმის მასალების მიხედვით, მას სამარშრუტო მიკროავტობუსის მართავისას ავტომანქანა დაეჯახა. აღნიშნული ავტომანქანა შემდგომ, ინერციით სხვა ავტომანქანასაც დაეჯახა. ადგილზე სიტუაციის გარკვევისას საპატრულო პოლიციამ განმცხადებელი დააჯარიმა. შ.პ.ს "ბაგემამ" და შ.პ.ს "სოფიკო+"-მ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს.ს.ი.პ. "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს" თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მოქალაქე ჯემალ მამულაშვილის საკუთრებაში დარეგისტრირებული ქონების უკან დაბრუნება მოითხოვა. შ.პ.ს "ბაგემა"- ს და შ.პ.ს "სოფიკო+"ს შემთხვევაში ადგილი ჰქონდა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით, მოქალაქე ჯემალ მამულაშვილის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციის ფაქტს, რომელიც მოსარჩელეების საკუთრებას წარმოადგენდა. მოსარჩელე მარიამ ფეიქრიშვილი კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს.ს.ი.პ. "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს" თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ინდივიდულაურ-ადმინისტრაციულ აქტის ბათილად ცნობას ითხოვდა, რადგან ადგილი ჰქონდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის სხვა პიროვნებაზე რეგისტრაციის ფაქტს.
სასამართლო გაეცნო საქმეთა მასალებს, შეამოწმა სარჩელთა საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლომ მიიჩნია, რომ ნუგზარ მჭედლიშვილის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის დათვალიერების სქემით, არ იკვეთებოდა მისი ბრალეულობა. შპს "სოფიკო+"-ისა და შპს "ბაგემას" სარჩელთა განხილვისას გამოიკვეთა, რომ არასწორად მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 სექტემბრის სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების აღსრულება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს.ს.ი.პ. "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს" თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, ხოლო მარიამ ფეიქრიშვილის სარჩელი სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა, ვინაიდან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელია ერთი პირის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების ან მისი ნაწილის იმავდროულად სხვა პირის საკუთრებად რეგისტრაცია.
აღნიშნული გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 14 დღის ვადაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.