,,ქრისტიან-დემოკრატები,, მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის იდეოლოგიასა და ესთეტიკას შორის განსხვავებას ვერ ხედავენ. ფრაქციის წევრმა ლევან ვეფხვაძემ პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე გამართული დებატებისას განაცხადა, რომ პრეზიდენტსაც და ივანიშვილსაც მინა და მეტალი მოსწონთ.
დეპუტატის განცხადებით, ხელისუფლების ძირითადი აქცენტი ველური კაპიტალიზმია, რომელზეც ევროპამ 50-60 წლის წინათ თქვა უარი.
,,რატომ არის ხელისუფლებისთვის სამოდელო სინგაპური და არა გერმანია? თქვენ სინგაპურის პოლიტიკური სისტემა მოგწონთ? ჩემთვის სამაგალითო გერმანიაა, სადაც ნამდვილი დემოკრატია და სოციალური საბაზრო ეკონომიკაა. მოსახლეობას არჩევანი დარჩა თუ ველურ კაპიტალიზმში ცხოვრება სურს, იმ პოლიტიკურ ძალებს უნდა დაუჭიროს მხარი, რომლებიც ამას ქადაგებენ. ერთი „ნაციონალური მოძრაობაა", მეორეც, იმავე ესთეტიკით გამოირჩევა, როგორც თქვენი პრეზიდენტი. მასაც მინა და მეტალი მოსწონს. ეტყობა პიროვნული შეუთანხმებლობაა თორემ იდეოლოგია, ესთეტიკა, ხედვა აბსოლუტურად ერთნაირი აქვთ." -განაცხადა ვეფხვაძემ და ველური კაპიტალიზმისა და სოციალური საბაზრო ეკონომიკის განსხვავებების შესახებ ისაუბრა.
მისივე თქმით, ,,ქრისტიან-დემოკრატებს,, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არაფრის დანგრევა არა აქვთ გეგმაში და მხოლოდ მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იზრუნებენ.
ვეფხვაძემ, გასული ოთხი წლის შეჯამების შემდეგ, ,,ქრისტიან-დემოკრატების,, სამომავლო გეგმებზე ვრცლად ისაუბრა და აქვე აღნიშნა, რომ ყველაფრის გამოსასწორებლად „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უმრავლესობით ვეღარ უნდა მოვიდეს.