მოსახლეობა ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენას ცალსახად მხარს უჭერს, - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშში.
"ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებული განცხადების გაკეთებიდან მალევე მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა, რამაც ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის ბრალდებების და საპასუხო თავდასხმების ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია. მაშინ, როცა მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები მოწინააღმდეგე მხარეებს შორის კვლავაც დავის საგნად რჩება, NDI-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობა ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენას ცალსახად მხარს უჭერს. ბატონი ივანიშვილის მიერ მოქალაქეობის აღდგენის წარუმატებელი მცდელობების შემდეგ, პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც მას არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია. თუმცა იგი არსებული საკანონმდებლო ცვლილებით სარგებლობაზე დღემდე უარს აცხადებს"- განმარტებულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშში.
შეგახსენებთ, რომ ანგარიში მომზადებულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო დელეგაციის მიერ, რომლის წევრები არიან: რობინ კარნაჰანი, მისურის შტატის მდივანი; სემ გეჯდენსონი, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი; პერ ეკლუნდი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი; კენეთ ვოლაკი, NDI-ის პრეზიდენტი და ლუის ნავარო, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი.
დელეგაციის მიზანი იყო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების ზუსტი და მიუკერძოებელი შეფასება, ზოგადი პოლიტიკური გარემოს ანალიზი და იმ ფაქტორების შესწავლა, რომელსაც საარჩევნო პროცესზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ვიზიტის მიზანი ასევე იყო, გაეცა რეკომენდაციები, რომელიც მშვიდობიანი, სანდო არჩევნებისთვის დიალოგს და კონსენსუსის მიღწევას შეუწყობს ხელს და აამაღლებს ამომრჩევლის ნდობას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები ხალხის ნებას გამოხატავს.