საარჩევნო კანონმდებლობაში შესული ცვლილებებისა და მედიისთვის ე.წ. „must carry"-ის ნორმების გათვალისწინებით, წინა არჩევნებთან შედარებით, 2012 წლის საარჩევნო პროცესი უფრო ფორმალიზებული და რეგულირებულია, - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშშია ნათქვამი.
ინსტიტუტში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინიციატივები ამავდროულად წარმოადგენს გამოწვევას ინსტიტუტების კონპეტენციის და პროცესების მიმართ ნდობის ხანმოკლე დროში გაზრდის თვალსაზრისით.
"საარჩევნო რეფორმის სხვადასხვა საფეხურზე პარლამენტი, პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება ჩართული იყო დიალოგსა და მოლაპარაკების პროცესში, რასაც რიგი საკანონმდებლო ცვლილებები მოყვა, მათ შორის: შერეული საარჩევნო სისტემით პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების განაწილება; ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის შექმნა;კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ზოგიერთი განმარტების გაუმჯობესება; პოლიტიკური პარტიების დაფინანსების რეგულაციების გამკაცრება; ფინანსური წახალისება პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც პარტიულ სიაში ქალების გარკვეულ რაოდენობას ჩასვამენ; პატიმრებისთვის ხმის მიცემის უფლების ცალსახა აკრძალვის გაუქმება; დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის არჩევნებში კენჭისყრის უფლების მინიჭება; 5%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში პარტიებისათვის საპარლამენტო ფრაქციის შექმნის შესაძლებლობის ავტომატურად მინიჭება", - ნათქვამია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ ამ დრომდე ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობა გამჭვირვალედ და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით მიმდინარეობს.
"ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულმა რამდენიმე ფართომასშტაბიანმა და დინამიურმა აქციამ ძირითადად ინციდენტების გარეშე ჩაიარა. მედია საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ მიმართული საკანონმდებლო წინადადებები სამოქალაქო საზოგადოების მიერ წამოჭრილ საკითხებს ეხმაურება და, სათანადოდ განხორციელების შემთხვევაში, შეუძლია საქართველოს მოქალაქეებს უფრო ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება მისცეს", - ნათქვამია ანგარიშში.