პარლამენტმა ათ ქვეყანაში საქართველოს ახალი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების კანდიდატურები დაამტკიცა.
კერძოდ, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე ირაკლი ყურაშვილი დამტკიცდა, რომელიც 2010 წლის 1 ივლისიდან დღემდე ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი იყო. ბელარუსში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ამავე ქვეყანაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი დავით კოტარია გახდა. კანადაში ელჩის თანამდებობაზე ალექსანდრე ლაცაბიძე დაამტკიცეს, რომელიც აქამდე არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრუფლებიანი ელჩი იყო. ალექსანდრე ლაცაბიძე ამავდროულად საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (IჩAO) საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იქნება. კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (IჩAO) საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ლევან მეტრეველი დიპლომატიურ საქმიანობას ბულგარეთში გააგრძელებს. არგენტინაში კი საქარველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე გელა სეხნიაშვილის კანდიდატურა დამტკიცდა.
დეპუტატებმა ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მხარი ვახტანგ ჯაოშვილის კანდიდატურას დაუჭირეს. იგი დღემდე საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩად ბექა დვალის კანდიდატურა დამტკიცდა, რომელიც დღემდე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოსა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი იყო.
ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩად ზურაბ ალექსიძის კანდიდატურა დამტკიცდა, რომელიც მანამდე საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა. თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე გახდა, რომელიც ამავე ქვეყანაში საქართველოს გენერალური კონსული იყო.
ყატარში კი, პარლამენტის გადაწყვეტილებით, ელჩად ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე გახდა.