"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" სათაო ოფისში ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატებმა" ცნობილი ქართველების ახალგაზრდობის ფოტოების გამოფენა მოაწყეს. აღნიშნული აქციით "ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატები" სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ინიციატივას გამოეხმაურნენ, რომელიც გულისხმობს ივნისის ბოლო კვირა დღის ახალგაზრდობის დღესასწაულად გამოცხადებას.
ფოტოექსპოზიციას "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძეც დაესწრო, რომლის განცხადებითაც, ფოტოებზე აღბეჭდილი ადამიანების ცხოვრება, საქმიანობა და ღვაწლი დღევანდელ დღესაც აქტუალური უნდა იყოს ახალგაზრდებისთვის.
"წმინდანებად და დიდ სახელმწიფო მოღვაწეებად არ იბადებიან, თავიანთი ღვაწლით და შრომით ხდებიან ისეთები, რომლებმაც დიდი და მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს ჩვენს ქვეყანაში და ცნობიერებაში. ამაში უფლის წყალობაცაა. ამ ფოტოგამოფენით ახალგაზრდა "ქრისტიან-დემოკრატები" პატრიარქის ინიციატივას გამოეხმაურნენ", - აღნიშნა გიორგი თარგამაძემ.
გამოფენაზე წარმოდგენეილია საზოგადო მოღვაწეებისა და მწერლების ახალგაზრდობის ფოტოსურათები - ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, გალაკტიონ ტაბიძე, აკაკი წერეთელი, მარო მაყაშვილი, გურამ დოჩანაშვილი და სხვები, თავად უწმინდესის ახალგაზრდობის ფოტოები.
გიორგი თარგამაძის განცხადებით, აღნიშნული ფოტოექსპოზიცია, თბილისის ოფისის გარდა ქუთაისის, ბათუმის და ზუგდიდის ოფისებშიც გამოიფინება.
ახალგაზრდობის დღედ ივნისის ბოლო კვირის გამოცხადების შესახებ უწმინდესმა სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა და დასძინა, რომ ახალგაზრდობა უდიდესი ძალაა და ისინი ქვეყნის სასიკეთოდ უნდა იყოს გამოყენებული.