ოფიციალური თბილისი რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს საერთაშორისო თანამეგობრობის დეზინფორმირებაში ადანაშაულებს.
"ბ-ნი ლავროვი კვლავ ჯიუტად ცდილობს დაარწმუნოს გაუთვითცნობიერებელი აუდიტორია იმაში, რისიც თვითონაც კი არც თუ ისე სჯერა - რომ საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ადანაშაულებს აგრესიის ჩადენაში. სინამდვილეში ნებისმიერი მიუკერძოებელი დამკვირვებლისათვის ცხადია, რომ ადგილი აქვს სრულიად საპირისპიროს", - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლავროვის მიერ სააგენტო რია "ნოვოსტისა" და ტელეარხ "Russia Today"-სათვის მიცემულ ინტერვიუებს.
ამასთან, ოფიციალური თბილისის შეფასებით, ლავროვი ცდილობს დაამტკიცოს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უკვე ეგუება იმ ე.წ. ახალ რეალობას, რომელიც რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის, ეთნიკური წმენდისა და ტერიტორიების ოცი პროცენტის ოკუპაციის შედეგად შექმნა.
"აშკარაა, რომ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მიერ მოყვანილი ინტერვიუში მოყვანილი თეზისი წარმოადგენს მცდელობას სასურველი რეალობად გაასაღოს და გათვლილია უპირველეს ყოვლისა, შიდა მოხმარებისთვის. რუსეთი აგრძელებს უშედეგო მცდელობებს უარყოს რუსეთსა და საერთაშორისო თანამეგობრობას შორის სადღეისოდ არსებული პრინციპული და საფუძვლიანი უთანხმოება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების დაცვასთან დაკავშირებით", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.