ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) პროექტის გამარჯვებული თიბისი ბანკის თანამშრომელი ქეთევან კანდელაკი გახდა. "ICC ვაჭრობის ფინანსირების ელექტრონული სასწავლო პროგრამა " - ასე ეწოდება პროექტს, რომელიც EBRD-ის ორგანიზებით მოეწყო და რომელიც მიზნად ისახავს ვაჭრობის ფინანსირების ორგანიზაციაში საბანკო სექტორის წარმომადგენელთა უფრო მეტ ჩართულობას.
ქართული ბანკების წარმომადგენლებთან ერთად პროექტში სომხური, აზერბაიჯანული და უკრაინული ბანკების თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.
EBRD-ის პროექტი ბანკებს ფინანსირების სწორ სტრუქტუირებასა და განხორციელებაში ეხმარება. პროექტი ბანკებს საშუალებას აძლევს, გაიღრმავონ ცოდნა დისტანციური ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით. თავის მხრივ კი, ეს ბანკების კორპორატიულ კლიენტებს ხელს უწყობს აწარმოონ ურისკო საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციები ფასის თვალსაზრისით უაღრესად კონკურენტული დაფინანსების ინსტრუმენტების მეშვეობით.
,,პროექტი -,,ICC კომერციასთან ერთად", გვაძლევს საშუალებას, უფრო კარგად მოვემსახუროთ ჩვენს კორპორატიულ კლიენტებს, მივცეთ მათ შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო ფინანსირების სისტემაში ჩაერთონ. ეს არის ბევრად იაფი, კომფორტული და სწრაფი, ვიდრე სესხი. ქართულ კომპანიებს ჯერ არ აქვთ საკმარისი ცოდნა ამ პროგრამების შესახებ, მაგრამ ჩვენ გვაქვს საშუალება, ავუხსნათ და გავაცნოთ ის, ჩავრთოთ მიმდინარე პროექტებში და მივცეთ შესაძლებლობა, უფრო ეფექტურად ივაჭრონ და გაიმარტივონ ბიზნეს-საქმიანობა", ამბობს თიბისი ბანკის თანამშრომელი, ქეთევან კანდელაკი.
თიბისი ბანკთან ერთად, პროექტში საქართველოდან მონაწილეობას იღებდა რამდენიმე ბანკი: ვითიბი ბანკი, საქართველოს ბანკი, ,ბაზისბანკი და ბანკი ქართუ. საბანკო სფეროს თანამშრომლების გადამზადება პროექტის ფარგლებში მომავალშიც გაგრძელდება.