თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბიძინა ივანიშვილის სარჩელი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით. მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილმა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მისი თქმით, ძალაში რჩება საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ბიძინა ივანიშვილს აღნიშნული განჩინების გასაჩივრება შეუძლია უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.
როგორც მოსამართლემ განაცხადა, განჩინება ივანიშვილს 14 დღის ვადაში გადაეცემა, რის შემდეგაც განჩინების გასასაჩივრებლად 21 დღე ექნება. ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა, ივანიშვილის მიერ პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე გაკეთებული განცხადებიდან რამდენიმე დღეში ჩამოართვეს. მოგვიანებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ივანიშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოქალაქეობა ეკატერინა ხვედელიძეს აღუდგა. ბიძინა ივანიშვილმა მის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე წლის 21 იანვარს გაასაჩივრა და სარჩელის განხილვა ხუთი თვის შემდეგ დაიწყო.
ასევე, ივანიშვილს უარი ეთქვა ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზეც.