„სკუადრა აძურამ" ევრო-2012-ის გამოკვეთილი ფავორიტი, მარიო ბალოტელის დუბლით დაამარცხა და ტურნირიდან ნაადრევად დაითხოვა. იტალიამ ბოლო საევროჩემპიონატო ფინალი 2000 წელს ითამაშა, როცა როტერდამში საფრანგეთთან დავიდ ტრეზეგეს „ოქროს გოლით" 1:2 წააგო. პრანდელის გუნდმა გზიდან ერთი ფავორიტი კი ჩამოიშორა, მაგრამ კიევურ ფინალში მეორე ელოდება - მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი, რომელთანაც ჯგუფში უკვე ითამაშა და არცთუ ურიგოდ (1:1).
მაშინ როცა, ყველა გერმანული საფეხბურთო მანქანის მარწუხებში იტალიელთა მოქცევას ელოდა, პირიქით მოხდა. აპენინელებმა ბუნდესგუნდს იმის მაგალითი უჩვენეს, როგორ უნაკლოდ უნდა გამოიყენო შექმნილი საგოლე მომენტები.
გერმანელთა საწყისი 15-წუთიანი უშედეგო აქტივობის შემდეგ, ნოიერის შეწუხებისთვის იტალიელებმაც მოიცალეს. კიპერმა ჯერ მონტოლივოს, მერე კასანოს დარტყმები გააუვნებელყო. სულ მალე კი, გოლიც გავიდა. კასანოსგან მარცხენა ფლანგზე ბოატენგისა და ჰუმელსის გაცურების შემდეგ, ფორვარდმა ცაციათი საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მარიო ბალოტელიმ ბადშტუბერს მოუგო საჰაერო დუელი და ანგარიში გახსნა - 0:1.
ლიოვის გაწვრთნილები გონზე დროულად მოვიდნენ და ბუფონის კარზე რამდენიმე სახიფათო შეტევა მიიტანეს. იტალიელთა კაპიტანი მოწოდების სიმაღლეზეა - „ჯიჯი" იოზილისა და ხედირას დარტყმებს იგერიებს.
შეტევაში გართულ გერმანელებს მორიგი კონტრშეტევა გაეპარათ და კიდევ დაისაჯნენ. მონტოლივოს პასს ისე მონდომებულად გაეხსნა ბალოტელი, მეურვე ლამს ბარე 3 მეტრით გაასწრო და ბურთის დასაუფლებლად უკან მობრუნება დასჭირდა. მარიომ მეორედაც გაასწრო გერმანელთა კაპიტანს, ბურთიანად მიუახლოვდა მეტოქის საჯარიმოს და ბურთი უძლიერესი დარტყმით გაჭედა ნოიერისაგან მარცხენა მაღალ კუთხეში - 0:2.
არ ჰგავდა ბუნდესგუნდი მეტოქის ამ უპირატესობის გამნეიტრალებელს. აკი, ვერც ვერაფერი მოახერხა. მეორე ტაიმში, როცა პირველი საპასუხო გოლის გასატანად დაიძრნენ გერმანელები, აძურელებს თავად არაერთხელ მიეცათ ზურგმოშიშვლებული მეტოქის დასჯის შანსი. ბალოტელი ეშურებოდა ჰეთ თრიკს, მაგრამ კუნთი დაეჭიმა და დი ნატალეთი შეცვალეს. მარკიზიოს 75-ე წუთზე შეეძლო საბოლოო წერტილი დაესვა ფინალისტის ვინაობის გამოვლენის საკითხისთვის, მაგრამ მცირედით ააცილა. ცოტა ხანში დი ნატალეს ჰქონდა ურეალურესი შანსი, მაგრამ ნოიერთან პირისპირ გასულმა ბურთი კარში ვერ მოახვედრა.
იტალიელთა ბედი, რომ მეტოქე ამ დღეს აშკარად ცუდ ფეხზე იყო ამდგარი. ამას ბუფონის იღბალი და კლასიც დაუმატეთ და ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა. სულ რაღაც წუთნახევარი ინერვიულეს აძურელებმა, როცა ბალცარეტის მიერ ხელით თამაშის გამო, სტეფან ლანუამ პენალტი დანიშნა. იოზილმა აუღებელი დაარტყა, მაგრამ გერმანია ცაიტნოტში იყო და საფინალო სასტვენმა ბოლო შეტევის დაწყების მომენტში მოუსწრო - 1:2.
ამ მატჩში მეტოქეთაგან ნაჩვენები თამაშით, უსამართლობა იქნებოდა ნახევარფინალი დამატებით დროში გადასულიყო. იტალიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გერმანიის დამარცხების ექსკლუზიური „რეცეპტი" აქვს. ჩვენ კი, ევრო-2012-ზე მხოლოდ ერთი მატჩი დაგვრჩა თვალმისადევნებელი - ყველაზე გადამწყვეტი, რომელშიც „სკუადრა აძურას" 44-წლიანი ევრონავსის გატეხვა მოუწევს. იტალიას ხომ შორეული 1968 წლის შემდეგ არ მოუგია ევროპის ჩემპიონატი.
გერმანია - იტალია 1:2 (0:2)
ვარშავა. 28 ივნისი, 2012. „ნაციონალური". 55400 მაყურებელი. 22:45
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი, ჰუმელსი, ბადშტუბერი, ლამი, ბოატენგი (მიულერი, 71), ხედირა, შვაინშტაიგერი, იოზილი, კროოსი, პოდოლსკი (როისი, 46), გომესი (კლოზე, 46).
მთავარი მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი.
იტალია (4-1-3-2): ბუფონი, კიელინი, ბალცარეტი, ბარძალი, ბონუჩი, მარკიზიო, დე როსი, მონტოლივო (მოტა, 64), პირლო, ბალოტელი (დი ნატალე, 70), კასანო (დიამანტი, 58).
მთავარი მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი.
გაფრთხილებები: ბალოტელი (37), ბონუჩი (60), დე როსი (84), მოტა (89), ჰუმელსი (90+4).
გოლები: 0:1 ბალოტელი (20), 0:2 ბალოტელი (36), 1:2 იოზილი (90+2, პენ.)
მსაჯები: სტეფან ლანუა; ფრედერიკ კანო, მიშელ ანონიე; ფრედი ფოტრელი, რუდი ბოკუ (ყველა საფრანგეთი); ჰოვარდ უები (ინგლისი).
დარტყმა 17 (10)-10 (5); ჯარიმა 12-18; კუთხური 14-0; თამაშგარე 1-2; ბურთის ფლობა 54%-46%; სეივი 4-10.