მაუწყებლობის ტრანზიტზე ვალდებული ავტორიზებული პირისთვის სანქციები განისაზღვრა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენისას, კანონპროექტი ჩასწორებული ვარიანტით განიხილეს.
კერძოდ, არჩევნების გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლის მომენტიდან, არჩევნების დღემდე პერიოდში, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია, მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიისათვის მაუწყებლობის ზონას ამ მუხლის მიზნებისათვის წარმოადგენს ქვეყნის მთელი ტერიტორია), აგრეთვე საერთო საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე პირის არხი, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისთვის; ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშვება მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან მაუწყებლის არხის ტრანზიტული გავრცელებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. ამ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია მომხმარებლისთვის უზრუნველყოს ამ პუნქტით განსაზღვული სამაუწყებლო არხების თანაბარი და არადისკრიმინაციული ფინანსური პირობებით მიწოდება.
კანონპროექტით, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ვალდებულება არჩევნების დანიშვნის მომენტიდან სამი დღის ვადაში. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა გამოიწვევს მის გაფრთხილებას, ხოლო გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის ვადაში დარღვევის აღმოუფხვრელობა ან განმეორებით ამ ვალდებულების დარღვევა, გამოიწვევს მისთვის ავტორიზაციის ჩამორთმევას ერთი წლის ვადით.
ადმინისტრაციული სახდელის დადების საკითხს განიხილავს და წყვეტს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, თავისი ინიციატივით ან შესაბამისი მაუწყებლის განცხადების საფუძველზე, ვალდებულების დარღვევის ფაქტის გამოვლენიდან ან მაუწყებლისაგან შესაბამისი განცხადების მიღებიდან 48 საათის განმავლობაში.
ავტორიზებულ პირს, რომელიც ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტს არჩევნების გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლის მომენტიდან არჩევნების დღემდე პერიოდში, შეუძლია უფასოდ, შესაბამისი მაუწყებლის ნებართვის გარეშე, განახორციელოს მაუწყებლობის ტრანზიტი.
კანონპროექტით, განსაზღვრული უფლებამოვალეობები ვრცელდება შესაბამის გავრცელების ზონაში მოქმედ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებზე და მაუწყებლებზე, თუ დაინიშნება არჩევნების მეორე ტური, მეორე ტურის კენჭისყრის დღემდე.