ხვალ, 29 ივნისს, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამარათლოს გადაწყვეტილება გამოცხადდება. 21 ივნისს გამართული პროცესი მტკიცებულების გამოკვლევას ეთმობოდა. ივანიშვილის მხარეს წარმოადგენდნენ ადვოკატები ზაქარია ქუცნაშვილი, შალვა თადუმაძე და სანდრო ბარამიძე, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს, პრეზიდენტის წარმომადგენელი თინათინ სირაძე, ასევე სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენლები - გიორგი გაბრიელაშვილი და ჟანა ქობალია.
ივანიშვილის ადვოკატების განცხადებით, გაბრიელაშვილმა ვერც ერთი კონკრეტული შემთხვევა ვერ დააფიქსირა, რაც იმას ადასტურებს, რომ მოწინააღმდგე მხარეს არც ერთი მტკიცებულება არ გააჩნია და ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით არსებული ვითარება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
"სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენელმა თქვა, რომ ათობით ათასი ასეთი შემთხვევა არსებობს, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა, თუმცა ვის რას საფუძველზე, პრეზიდენტის წარმომადგენლებმა ვერ ახსნეს და ვერც ერთი კონკრეტული მაგალითი ვერ წარმოადგინეს, რაც ნიშნავს, რომ მტკიცებულება არ არსებობს", - - განაცხადა ივანიშვილის ქუცნაშვილმა და აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბარი, რომლითაც მოწინააღმდგე მხარე ამტკიცებს, თითქოს დადასტურდა, რომ ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა, არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებად, რადგან არ არსებობს უდავო ფაქტობრივი გარემოება, რითაც ამ საუბრის სიზუსტე მტკიცდება.
პროცესს აკვირდებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და "ქართული ოცნების" დაქირავებული ამერიკელი ადვოკატი.