მმართველი გუნდი NDI-ს და IRI-ს სადამკვირვებლო მისიების საქართველოში ჩამოსვლას მიესალმება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წუკლაურმა საქართველოში აშშ-ს ელჩის ჯონ ბასის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი ემიჯნება იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც აშშ-ს და NDI-ის უნდობლობას უცხადებენ.
,,სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა პრაქტიკულად ბოიკოტი გამოუცხადეს აშშ-ს და იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ამერიკას წარმოადგენენ. მათ პირდაპირ მოსთხოვეს აშშ-ს, რომ NDI არ მონაწილეობდეს წინასაარჩევნო კვლევებსა და დაკვირვების პროცესში. ჩვენ ამას ვემიჯნებით", - განაცხადა წიკლაურმა.
მისივე თქმით, ყველა პოლიტიკური პარტია უნდა ეცადოს მოახდინოს ისეთი არასასურველი მოვლენების მინიმიზაცია, როგორსაც რამდენიმე ხნის წინ, ადგილი ჰქონდა ქართულ სოფელში.
,,ერთმნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი არის იდეების, პოზოციების, პროგრამების, პლათფორმების შეჯახება და დაპირისპირება და არა ფიზიკური დაპირისპირება ადამიანებს შორის. ფიზიკური დაპირისპირება საერთიდ არ ტოვებს შესაძლებლობას საღი აზრისათვის,, - აღნიშნა დეპუტატმა.
მისი თქმით, რაც უფრო ფართო იქნება დამკვირვებელთა მისიები, მით უფრო მეტი იქნება ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ და უფრო მაღალი იქნება ჩატარებული არჩევნების დემოკრატიულობის სტანდარტი.
შეგახსენებთ, ჯონ ბასმა დღეს პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პროცესები საქართველოში დემოკრატიულად წარიმართოს და უზრუნველყოფილ იქნეს კონკურენტული გარემო, სადაც ყველა კანდიდატი შეძლებს საკუთარი შეხედულებების ქართველ ამომრჩევლამდე მიტანას. მისი თქმით, ხედვებს შორის განსხვავებების მიუხედავად, აშშ ელის, რომ პროცესები ძალის გამოყენების გარეშე წარიმართება.
"ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას შევუწყოთ ხელი, აშშ-ს მთავრობა ამ მიზნით საქართველოში გრძელვადიანი დამვირვებლების მისიის განხორციელებას შეუწყობს ხელს. ეს იქნება NDI-ის და IRI-ის მისიები, რომლებიც საქართველოს მასშტაბით გადანაწილდებიან,, - აღნიშნა ელჩმა.