რუისი-აგარის საავტომობილო მონაკვეთის მოდერნიზაცია და აგარის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება. პროექტის ძირითადი მიზანია, დააკავშიროს ქვეყნის დედაქალაქი და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებიდასავლეთ საქართველოში მდებარე ინდუსტრულ, საპორტო, რეკრეაციულ და ტურისტულ ცენტრებთან.
დღეს, 28 ივნისს საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას (IDA) შორის ხელი მოეწერა დაფინანსების შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს მსოფლიო ბანკის მიერ 27,7 მლნ SDR-ის (დღეის მდგომარეობით დაახლოებით 42 მლნ აშშ დოლარი) გრძელვადიანი და შეღავათიანი ფინანსური რესურსის გამოყოფას რუისი-აგარის საგზაო მონაკვეთისრეკონსტრუქციისათვის.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს მხრიდან ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ, მსოფლიო ბანკის მხრიდან - რეგიონული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სამხრეთ კავკასიაში ელენე იმნაძემ.
"დღეს ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებში, მსოფლიო ბანკი საქართველოს გამოუყოფს იაფ სესხს, რომლის ხანგრძლივობაა 25 წელი, მათ შორის, 5 წელი შეღავათიანი პერიოდი, დაბალი საპროცენტო განაკვეთით. ზოგადად, პროექტი პირდაპირ გამომდინარეობს ქვეყნის სტრატეგიული განვითარების გეგმიდან, რადგან ის უზრუნველყოფს საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ურთიერთდაკავშირებას და აძლიერებს ქვეყნის სატრანზიტო და ლოჯისტიკურ პოზიციებს," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ.
„ინვესტიციები გზების ინფრასტრუქტურაში ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მესამე პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის საგზაო სექტორისთვის გაწეული დახმარების მოცულობას, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სამხრეთ კავკასიაში ელენე იმნაძემ.
აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში დაგეგმილია რუისი-აგარის 11 კმ-იანი მონაკვეთის მოდერნიზაცია თანამედროვე სტანდარტების ოთხზოლიან ავტომაგისტრალად, ასევე აგარის 8 კმ-იანი ახალი შემოვლითი 4-ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობა. გზაზე აშენდება ხიდები, მოეწყობა სარკინიგზო გზაგამტარი, აშენდება 5 ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი, დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხები.
აღნიშნული პროექტი წარმოადგენს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტის გაგრძელებას. პროექტი განხორციელდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კოორდინირებით.
საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ქვეყნის მთავარი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობისთვის მსოფლიო ბანკთანდა სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან დღემდე უკვე გაფორმებულია დაახლოებით 950 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი, რომლის ათვისება გაგრძელდება ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულებამდე.