ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, 28 - 29 ივნისს, "ქორთიართ მარიოტში" მართავს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: " საგადასახადო თაღლითობა და ფულის გათეთრება - საკანონმდებლო რეგულაციები და დადებითი პრაქტიკა." კონფერენციაში მონაწილეობენ ჰოლანდიის, შვედეთის, გერმანიის, ავსტრიის, იტალიის, ჩეხეთის, პოლონეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, უკრაინის, ბელორუსის, მოლდოვას, თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის დელეგაციების წევრები. კონფერენციას ესწრებიან ევროპული პოლიციის - EUROPOL და ინტერპოლის - INTERPOL ხელმძღვანელი პირები.
საერთაშორისო კონფერენციის მონაწილენი განიხილავენ თანამედროვე ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ეკონომიკური დანაშაულის ისეთ გავრცელებულ ფორმას, როგორიც არის საგადასახადო თაღლითობა და ფულის გათეთრება. საერთაშორისო სამართალდამცველი ორგანიზაციების და სხვადასხვა ქვეყნის ანალოგიური უწყების წარმომადგენლები იმსჯელებენ საგამოძიებო და ოპერატიული საქმიანობის იმ ევროპულ სტანდარტებზე, რომლებიც მომავალში ეკონომიკური დანაშაულის აღკვეთას შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხება გამოძიების პროცესში უახლესი საინფორმაციო სისტემების გამოყენების, ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და პროფესიული თანაშრომლობის მნიშვნელობას.
ორდღიან კონფერენციაზე დაგეგმილია დელეგაციების ხელმძღვანელი პირების მოხსენებები. გაიმართება დისკუსია სხვადასხვა თემატურ საკითხებთან დაკავშირებით, განხილულ იქნება კოლეგა უწყებებს შორის სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივები.
საზღვარგარეთის სამართალდამცველი უწყებების გარდა, კონფერენციას დაესწრებიან საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.