ხვალ, 29 ივნისს, 16:00 საათზე, კოდის დასახლებაში (ქვემო ქართლის რეგიონი) ხელნაკეთი ნივთების სტუდია გახსნება. ხელნაკეთი ნივთების სტუდია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ ქალთა უფლებებისა და სოციალ ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის ფარგლებში გაიხსნება.
პროექტის მიზანია ამჟამად კოდის დასახლებაში მცხოვრები, სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების უფლებების დაცვა და მათი სოციალურ- ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. ამ მიზნის მისაღწევად პროექტმა სამი მიმართულება აირჩია: ტრენინგები მცირე ბიზნესის მართვაში, ხელნაკეთი ნივთების სტუდიის ჩამოყალიბება, სადაც ჩატარდება ტრენინგები ხელსაქმეში, და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ინდივიდუალური და ჯგუფური კურსები.
პროექტის ბენეფიციარები არიან 2008 წლის კონფლიქტის შედეგად სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალები, რომლებიც ამჟამად კოდაში, ყოფილ რუსულ სამხედრო ბაზაზე განთავსებულ, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ.
პროექტი ხორციელდება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, "დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა ევროპული ინსტრუმენტის" ფარგლებში ჰოლანდიის ფონდის "დიალოგი გარდამავალი ეკონომიკის რეგიონებში" (STIDIT) მიერ, გარემოსდაცვითი ინფორმაციის და მდგრადი განვითარების ცენტრ „რიო"-სთან და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა"-სთან პარტნიორობით.