ნატოსთან თანამშრომლობა ფოკუსირებულია პრაქტიკულ ამოცანებსა და მექანიზმებზე, რომლის საშუალებითაც, საქართველო ნატოს წევრი გახდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს საქართველოსა და ნატოს შორის სამომავლო ურთიერთობებზე.
,,პოლიტიკურად ყველაფერი ნათელია, რადგან პოლიტიკურად არსებობს ბუქარესტის ვალდებულება, რომელიც კიდევ ერთხელ იქნა დადასტურებული ჩიკაგოში, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. ჩვენს ამოცანას იმ პრაქტიკული მექანიზმების განხილვა წარმოადგენს, თუ როგორ შეიძლება ამ პოლიტიკური ამოცანის განხორციელება. ამიტომ, ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან ფოკუსირებულია პრაქტიკულ ამოცანებსა და მექანიზმებზე. ეს არის ის მექანიზმები, რომლის საშუალებითაც, ჩიკაგოს სამიტის გადაწყვეტილებებიდან, საქართველო ნატოს წევრი გახდება", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, საუბარი შეეხო რეგიონალურ უსაფრთხოებასა და ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობის დღის წესრიგსაც.
,,ვფიქრობ, რომ ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს და პროცესი პოზიტიურად გაგრძელდება", - დასძინა ბაქრაძემ.