თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბრალდებულების გიორგი ბოტკოველისა და მერაბ ბერიძის მიმართ. გიორგი ბოტკოველს ბრალი - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენასა და შენახვაში ედებოდა. მერაბ ბერიძეს კი ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გასაღება წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ორივე ბრალდებულის მიმართ დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი. მხარეთა შორის ბრალის აღიარების საფუძველზე გაფორმებული საპროცესო შეთანხმების თანახმად, საქალაქო სასამართლომ მერაბ ბერიძეს 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც მსჯავრდებული 5 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. რაც შეეხება გიორგი ბოტკოველს, მას განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 7 წლის 11 თვის და 25 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც მსჯავრდებული 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 4 წელი 11 თვე და 25 დღე ჩაეთვალა პირობითად, 5 წლის 11 თვისა და 25 დღის გამოსაცდელი ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 30 ათასი ლარის ოდენობით.
საქმის მასალების მიხედვით:წარსულში ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა გიორგი ბოტკოველმა, 2012 წლის 28 თებერვალს, კვლავ ჩაიდინა ანალოგიური სახის დანაშაული და დაუდგენელ პირთან ერთად, ქობულეთის რაიონის სოფელ ხუცუბანში მცხოვრებ მერაბ ბერიძეს ნარკოტიკული საშუალების შესაძენად 400 ლარი გადაუგზავნა, გადაგზავნა ,,ლიბერთი ბანკის" საშუალებით განხორციელდა. ამავე წლის 29 თებერვალს, შეთანხმებისამებრ მერაბ ბერიძემ გიორგი ბოტკოველს თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ნარკოტიკული საშუალება - ,,მარიხუანა" გადასცა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მათი დაკავება სწორედ გადაცემის მომენტში მოხდა. გიორგი ბოტკოველს პირადი ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალება აღმოუჩინეს. ნარკოტიკული საშუალება ,, მარიხუანა" ასევე ამოღებული იქნა მერაბ ბერიძის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას.
ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, როგორც გიორგი ბოტკოველის, ასევე მერაბ ბერიძის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,, მარიხუანას" ოდენობა - განსაკუთრებითი დიდ ოდენობას შეესაბამება.