დღეს, 28 ივნისს, 17:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში" ამერიკის იურისტთა ასოციაციის "კანონის უზენაესობის ინიციატივის" საქართველოს ოფისი ადვოკატებისათვის განკუთვნილი ორ ახალ სახელმძღვანელოს `სამართლებრივი მართლწერა: შუამდგომლობები, საჩივრები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში გასაჩივრების პროცედურები~ და `სახელმძღვანელო ადვოკატებისათვის სასამართლო უნარ-ჩვევებში - გაძლიერებული სწავლების პროგრამა~ პრეზენტაციას გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, სახელმძღვანელო "სამართლებრივი მართლწერა, შუამდგომლობები, საჩივრები და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრების პროცედურები" აღწერს ხსენებულ პროცედურებს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. იგი ასევე ხელს უწყობს ამერიკის იურისტთა ასოციაციის „კანონის უზენაესობის ინიციატივას~, რომელიც სამართლებრივი დოკუმენტების შედგენაში სპეციალური სასწავლო კურსის ჩატარებას ითვალისწინებს.
სასამართლო უნარ-ჩვევების სახელმძღვანელო შეიქმნა „გაძლიერებული სასამართლო უნარ-ჩვევების" პროექტის ფარგლებში, რომლის საშუალებითაც საქართველოში მოღვაწე ადვოკატები გამოიმუშავებენ და გაიუმჯობესებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. კურსი ეფუძნება ქართულ კანონმდებლობას და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე იურისტთა საუკეთესო გამოცდილებას. აღნიშნული სახელმძღვანელოები დაურიგდებათ ამერიკის იურისტთა ასოციაციის „კანონის უზენაესობის ინიციატივის" ფარგლებში ჩატარებული ორი ტრენინგის მონაწილე ადვოკატებს. სახელმძღვანელო ასევე დახმარებას გაუწევს სასამართლო უნარ-ჩვევების შესწავლით დაინტერესებულ პირებს.
ამერიკის იურისტთა ასოციაციის „კანონის უზენაესობის ინიციატივის~ (ABA ROLI) საქართველოს ოფისი სარგებლობს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით.