საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ ჩამოვიდა. ვერშბოუ მონაწილეობას მიიღებს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში.
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე აუდიტორიის წინაშე სპეციალური მოხსენებით წარსდგება.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ვერშბოუ ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და მათთან მოლაპრაკებებს გამართავს.
შგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნება. კონფერენციის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა უსაფრთხოება ევროპასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში, კიბერ უსაფრთხოება, ISAF-ის მისია და სამომავლო გეგმები, ნატო ჩიკაგოს სამიტის შემდეგ, ევროატლანტიკური უსაფრთხოება, მომავალი საფრთხეები და გამოწვევები.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები, ასევე, პარტნიორი ქვეყნებიდან მოწვეული სტუმრები, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.
კონფერენცია წარმოადგენს, ერთი მხრივ, თავდაცვის სამინისტროსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, ხოლო მეორე მხრივ, პარტნიორ ქვეყნებთან აზრთა გაზიარების და დიალოგის საუკეთესო შესაძლებლობას.
უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის კონფერენცია სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების პოლიტიკის ერთგვარ ფორუმად ჩამოყალიბდა. თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული კონფერენცია წელიწადში ორჯერ იმართება.