მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონები ზედიზედ მესამე ფინალს ითამაშებენ 1 ივლისს, კიევის ოლიმპიურ სტადიონზე. თუ ვინმეს უნდა მოეგო პენალტების სერიამდე ეს მატჩი, ესპანეთი იყო და საფეხბურთო ლატარეამაც ლოგიკური წერტილი დასვა.
როგორც ასეთი დონის ტურნირის ნახევარფინალს სჩვევია, მატჩი დაძაბული და ნერვიული გამოდგა. მომენტები არც ისე ბევრი იყო. მაგრამ გავმეორდებით, ესპანეთს განსაკუთრებით კი, დამატებით 30-წუთეულში შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ პორტუგალიელთა კიპერმა რუი პატრისიუმ ანდრეს ინიესტას დარტყმულს კუთხურზე მიუჩინა ადგილი. თავად განსაჯეთ, ეს მოხდა 104-ე წუთზე და მანამდე ვერცერთმა გუნდმა ვერ შექმნა რეალური საგოლე მომენტი.
მეტიც, სათამაშო 2 საათი ისე მიილია, პაულუ ბენტუს გაწვრთნილებმა ესპანელთა კაპიტანს სეივის გამომუშავება არ აღირსეს. და რას აკეთებდა მიმდინარე წელს პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელობაზე პრეტენზიის მქონე რონალდუ? მას რამდენიმე სახიფათო ჯარიმის რეალიზაციის შანსი მიეცა, მაგრამ ბურთი ვერცერთხელ ვერ მოახვედრა კარის ჩარჩოში. ბედის ირონიით, პენალტის უზადოდ შემსრულებელს, არც მისი დარტყმის საშუალება მიეცა - მეტოქემ საქმე ბოლო პენალტამდე მოაგვარა. სერიის მე-4 დარტყმა ბრუნუ ალვეშმა ხარიხას გაარტყა და სესკ ფაბრეგასისგან პენალტის ზუსტად შესრულების შემდეგ, რონალდუს დარტყმას აზრი აღარ ჰქონდა.
ასე რომ, ესპანეთმა ნერვების ჭიდილში აჯობა მეტოქეს და ფინალში გერმანიასა და იტალიას შორის გამარჯვებულს ელოდება. დიდი საფეხბურთო ფორუმების (მუნდიალი და ევრო) ზედიზედ 9 პლეიოფური მატჩი ისე მოიტოვა უკან „ლა ფურია როხამ", გოლი თამაშიდან არ გაუშვია. ამ შთამბეჭდავი სერიის პირველი ორთაბრძოლა 2008 წლის 22 ივნისს შედგა ვენაში იტალიის წინააღმდეგ. ის თამაშიც უგოლო ფრით დასრულდა და პენალტებით პირენელებმა 4:2 იმარჯვეს. გადამწყვეტი დარტყმა მაშინაც ფაბრეგასმა შეასრულა.
პორტუგალია - ესპანეთი 0:0, 2:4 (პენალტებით)
დონეცკი. 27 ივნისი, 2012. „დონბას არენა". 48000 მაყურებელი. 22:45
პორტუგალია (4-3-3): პატრისიუ, ჟოაუ პერეირა, პეპე, ბრუნუ ალვეში, კოენტრაუ, ველოზუ (კუშტოდიუ, 106), მეირელეში (ვარელა, 112), მოუტინიუ, ნანი, ალმეიდა (ოლივეირა, 81), რონალდუ.
მთავარი მწვრთნელი: პაულუ ბენტუ.
ესპანეთი (4-3-3): კასილიასი, არბელოა, პიკე, სერხიო რამოსი, ალბა, ჩავი (პედრო როდრიგესი, 87), ბუსკეტსი, ჩაბი ალონსო, დავიდ სილვა (ნავასი, 60), ნეგრედო (ფაბრეგასი, 54), ინიესტა.
მთავარი მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე.
გაფრთხილებები: რამოსი (40), კოენტრაუ (45), ბუსკეტსი (60), პეპე (61), პერეირა (64), არბელოა (84), ალვეში (86), ველოზუ (90+3), ალონსო (114).
პენალტების სერია: 0:0 ალონსო (მეკარე), 0:0 მოუტინიუ (მეკარე), 0:1 ინიესტა, 1:1 პეპე, 1:2 პიკე, 2:2 ნანი, 2:3 რამოსი, 2:3 ალვეში (ხარიხა), 2:4 ფაბრეგასი.
მსაჯები: ჯიუნეით ჩაქირი; ბაჰატინ დურანი, ტარიკ ონგუნი; ჰუსეინ გიოჩეკი, ბიულენთ ილდირიმი (ყველა თურქეთი); დამირ სკომინა (სლოვენია).
დარტყმა 8 (0)-9 (3); ჯარიმა 30-21; კუთხური 8-6; თამაშგარე 2-3; ბურთის ფლობა 45%-55%; სეივი 3-0.