დღეს, 28 ივნისს, საქართველოს მასშტაბით აბიტურიენტებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. პედაგოგების სასერთიფიკაციო გამოცდები კი 2 ივლისს დაიწყება.
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 6 ივლისს გამოცდა გრანტის გაუმჯობესების მაძიებელთათვის ჩატარდება, ხოლო 12-13 ივლისს გამოცდებზე მაგისტრანტობის კანდიდატები გავლენ.
28 ივნისს საქართველოს მასშტაბით 12 ქალაქში 17 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება.
წელს საგამოცდო ცენტრებში 850-მდე ვიდეოთვალი დამონტაჟდა და 9000-ზე მეტი ახალი მერხით აღიჭურვა. საგამოცდო პროცესს 1300-მდე კურატორი და დამკვირვებელი ეყოლება. ასეთი ფორმატით ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს უკანასკნელად ჩატარდება. მომავალი წლიდან ახალი საგამოცდო მოდელი 8+1 ამოქმედდება.
2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 35 000-ზე მეტი აბიტურიენტი და გრანტის გაუმჯობესების მიზნით 5000-მდე სტუდენტი დარეგისტრირდა. სასერტიფიკაციო გამოცდას 40 000-მდე მასწავლებელი გაივლის, ხოლო სამაგისტრო გამოცდას დაახლოებით 7500 სტუდენტი ჩააბარებს.
"2012 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სიახლეები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება: 2012 წელს პირველად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აპლიკანტებმა მხოლოდ ინტერნეტით, სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge; online.naec.ge) გაიარეს; მეორადი ჩარიცხვები გაუქმდა და შვიდის ნაცვლად, აბიტურიენტებს თავიდანვე ოცი სასურველი ფაკულტეტის არჩევის საშუალება ჰქონდათ; წელს მეოთხე არჩევით საგნად უმაღლესმა სასწავლებლებმა მხოლოდ მაპროფილებელი სავალდებულო საგნები დააწესეს; 10%-ით გაიზარდა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სამედიცინო და იურიდიულ ფაკულტეტებზე. შესაბამისად, სამედიცინოზე და იურიდიულზე ჩაბარების მსურველებმა სამ საგანში 35%, ხოლო მეოთხეში, უცხო ენაში 30%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ; დაჩქარდება შედეგების გამოცხადება და ოქტომბრის ნაცვლად, 25 აგვისტოს გახდება ცნობილი", - ნთქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.