საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ქეთრინ ეშტონს შეხვდა.
როგორც "ფეისბუქში", პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო იმ პრიორიტეტულ საკითხებს, რომელიც კიდევ უფრო დააჩქარებს ქვეყნის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს.
შეხვედრაზე ქეთრინ ეშტონმა ყურადღება იმ პროგრესზე გაამახვილა, რომელსაც მხარეებმა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მიმდინარე დიალოგში მიაღწიეს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ამ პროცესის დაჩქარების შესაძლებობების განხილვა იყო, რაც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისა და დასაქმების პრობლების გადაჭრას ხელს შეუწყობს.
მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრაზე საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურდღება და ამ პროცესის მონიტორინგის თვალსაზრისით, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, რაც შეიძლება მეტი ევროპელი დამკვირვებელი მიიღოს ევროკავშირის ქვეყნებიდან.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპარაკების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ახალ სამთავრობო პროგრამაზე მუშაობს, რომელიც ევროპულ სტრუქტურებთან ინტეგრაციის პროცესის გააქტიურებასაც გულისხმობს.
ქვეყნის პირველმა პირმა ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპარაკებების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ თავისუფალ ვაჭრობასა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით დაწყებული დიალოგი წელიწადნახევარში დასრულდება.