სტუდია "მონიტორის" ერთ-ერთი დამფუძნებლის ნინო ზურიაშვილის ინფორმაციით, საკაბელო მაუწყებლების დავალდებულებაში მათივე ინტერესი დევს.
როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, მაუწყებლობის სავალდებულო ტრანზიტთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის განხილვისას ზურიაშვილმა განაცხადა, საკაბელო კომპანიებზე ხელისუფლების მხრიდან ფარულ წნეხს აქვს ადგილი. მისი თქმით, პირად საუბრებში საკაბელოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ინტერესებში შედის რაც შეიშლება მეტი მაუწყებლის ჩართვა, თუმცა იციან, რომ "მაესტროსა" და "მეცხრე არხს" ჩართვის შემთხვევაში პრობლემები შეექმნებათ.
შესაბამისად, ზურიაშვილის თქმით, ხელისუფლების არგუმენტი იმათან დაკავშირებით რომ ე.წ. მასთ ქერის პრინციპის არჩევნების დღის შემდეგ გაგრძელება, კერძო ბიზნესის ზედმეტი დავალდებულება იქნება, მიუღებელია.
"ამ დავალდებულებაში არის მათივე ინტერესიც. ასევე, არჩევნები შედეგების გამოცხადების პროცესი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე წინასაარჩევნო პერიოდი და რატომ არის მიუღებელი, მასთ ქერის პრინციპი არჩევნების სამივე ეტაპზე გავრცელდეს. კარგია, რომ ბევრი რამ გაითვალისიწინეთ, რაც დემოკრატიისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ რატომ არ შეიძლება გაგრძელდეს, თქვენი აზრით წნეხი და ჩვენი აზრით თავისუფლება, კიდევ რამდნიმე დღით?" - მიმართა კანონოპროექტის ავტორებს ზურიაშვილმა.
მაუწყებლობის სავალდებულო ტრანზიტთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ხვალ პირველი მოსმენით განიხილავენ.