მაუწყებლობის სავალდებულო ტრანზიტთან დაკავშირებულ კანონპროექტში ტელეკომპანია "კავკასიასთან" დაკავშირებით სპეციალური ფორმულირება ჩაიდება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა მოსაზრება გამოთქვეს, რომ საკაბელო ტელევიზიებმა "კავკასიის" მაუწყობლობაც ჩართონ, რადგან მისი დაფარვის ზონა 25%-ია.
კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ნუგზარ წიკლაურმა მოუწოდა მათ, რომ შეიმუშაონ კონკრეტული ფორმულირება და იგი გათვალისწინებული იქნება. დეპუტატის თქმით, "კავკასიას" მისგან განსაკუთრებული მხარდაჭერა ექნება, რადგან ამ არხზე მისი ხსენების კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია.
ეს წინადადება მისაღებია ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილისთვის. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ამით გამოჩნდება რამდენად არსებობს ხელისუფლების პოლიტიკური ნება.
"დავინახავთ, რომ სპეციალურად არ ხდებოდა "კავკასიის" დაბლოკება და ამოგდება ამ სისტემიდან. ჯერჯერობით, არ ვიცი ეს წინადადება ჩაიწერება თუ არა, თუმცა იმედი მაქვს, რომ მას მიიღებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ "კავკასია" დისკრიმინაციულ ვითარებაში აღმოჩნდება", - აღნიშნა ჯანგირაშვილმა და დასძინა, რომ მომავალ კვირას "კავკასია" კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიის მოთხოვნით მაინც მიმართავს.
შეგახსენებთ, არსებული სახით, ე.წ. მასთ ქერისთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი, ტელეკომპანია "კავკასიის" საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მაუწყებლობას არ ითვალისწინებს.