ქართველი რეჟისორის პროექტი იმ 17 პროექტს შორის მოხვდა, რომელსაც ევრიმაჟმა მხარი დაუჭირა. კოპენჰაგენში ევრიმაჟის მმართველი საბჭოს 127-ე სხდომაზე ქართულ-ფრანგული კოპროდუქცია "ძმა" (რეჟისორები თეონა მღვდელიძე გრენადე და ტერი გრენადე) დაფინანსდა.
ევრიმაჟის მმართველ საბჭოში საქართველოს წარმოადგენს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი თამარ ტატიშვილი.
ევრიმაჟის მართველი საბჭოს სხდომაზე 17 კინოპროექტი დაფინანსდა. ევრიმაჟის ფონდიდან 5530000 ევრო დაიხარჯა. ქართულ-ფრანგული პროექტისთვის კი გამოიყო 150000 ევრო.
დაფინანსებული პროექტების სიაში თეონა მღვდელიძე გრენადე მოხვდა ისეთ რეჟისორებთან ერთად, როგორებიც არიან ლარს ფონ ტრიერი, პაოლო სორენტინო და სხვები. დაფინანსება მოიპოვეს შემდეგმა ქვეყნებმა: ნორვეგია, დანია, ირლანდია, ბულგარეთი, საფრანგეთი, ალბანეთი, იტალია, გერმანია, ჩეხეთი, ესპანეთი, ლიტვა, თურქეთი.
საქართველო ევროპის საბჭოს კინოს განვითარების და მხარდაჭერის ფონდის, ევრიმაჟის წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა.