28 ივნისიდან ირანული ავიაკომპანია ATA Airlines-ი ერთდროულად ორი ქალაქიდან პირდაპირი რეისების შესრულებას იწყებს ბათუმის მიმართულებით. რეგულარული ფრენა ირანის დედაქალაქ თეირანიდან ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს განხორციელდება, ხოლო თავრიზიდან ირანელი ტურისტები ბათუმში ჩამოსვლას ყოველ ხუთშაბათს შეძლებენ.
ავიაკომპანია ფრენებს ეარბას 320 ტიპის თვითმფრინავით შეასრულებს და მგზავრებს კომფორტულ და უსაფრთხო მოგზაურობას შესთავაზებს.
"მივესალმებით ავიაკომპანია ATA Airlines-ს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. ჩვენი კომპანია აფასებს იმ დიდ ინტერესს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ATA Airlines-მა გამოიჩინა ქართული ავიაბაზრის მიმართ და ვიმედოვნებთ, რომ ირანელი ტურისტები დაუვიწყარ დღეებს გაატარებენ ბათუმის სანაპიროზე", - განაცხადა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია "ტავ ჯორჯიას" გენერალურმა მენეჯერმა მეთე ერქალმა.
ქალაქ თავრიზში დაარსებული ავიაკომპანია ATA Airlines-სის ავიაპარკი 9 თვითმფრინავისგან შედგება და მგზავრებს ადგილობრივ ფრენებთან ერთად, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის მიმართულებით მოგზაურობასაც სთავაზობს.
ATA Airlines-სი ქართულ ავიაბაზარზე 2011 წლის მარტიდან შემოვიდა და თავდაპირველად ფრენებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებდა.
ბათუმში აქტიური ტურისტული სეზონის დაწყებასთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარული და ჩარტერული რეისების რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა. ბათუმის მიმართულებით რეგულარულ რეისებს უკვე ასრულებენ ავიაკომპანიები: Aerosvit, S7 Sibir Airlines-სი და OLT Express-სი. უახლოეს პერიოდში ATA Airlines-სთან ერთად, მათ რიცხვს შეუერთდება Pegasus-ი და Armavia.