ნოვოსიბირსკის ოლქში მდებარე მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან 12-წლიანი საპატიმრო ვადის მოხდის შემდეგ 41 წლის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ბადრი დვალი განთავისუფლდა. ბადრი დვალს კრიმინალურ წრეებში "ტარასისა" და "ბაჩუკი ქუთაისელის" ზედმეტსახელით იცნობენ.
კოლონიიდან გამოსვლისთანავე ბადრი დვალი რუსეთის ფედერალური საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებმა დააკავეს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების რეჟიმის დარღვევა წაუყენეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში კრიმინალურ ავტორიტეტს იძულებითი დეპორტაცია ემუქრება.
ქუთაისელი ე.წ. კანონიერი ქურდი ბადრი დვალი სამჯერ არის ნასამართლები. იგი ქურდად საქართველოში 1991 წელს "აკურთხეს".
ოჯახთან ერთად რუსეთში საცხოვრებლად გადასულმა ბადრი დვალმა კრიმინალური დაჯგუფება ჩამოაყალიბა, რომელიც მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ბინების ქურდობით იყვნენ დაკავებულნი.