სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ ახალ საზოგადოებრივ მისაღებში არსებული სერვისები მსჯავრდებულთა ოჯახების წევრებს გააცნო.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ აღნიშნული რეფორმა მსჯავრდებულის ოჯახის წევრების, უფლებების დამცველებისა და სხვა პირების სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან მარტივი ურთიერთობისა და მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით დანერგა.
ვიზიტორებისთვის, საზოგადოებრივ მისაღებში, შექმნილია კომფორტული გარემო, გამარტივებულია პროცედურული საკითხები, მოქმედებს სწრაფი, სრულყოფილი და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისი.
მოქალაქეებს ემსახურებიან მაღალკვალიფიციური საზოგადოებრივი კონსულტანტები, რომლებმაც რამდენიმე ეტაპიანი სპეციალური მომზადების პროგრამა გაიარეს.
საზოგადოებრივი მისაღებში შესაძლებელია: მსჯავრდებულთან პაემანზე წინასწარი რეგისტრაცია, საჭირო ინფორმაციის და კონსულტაციის მიღება, განცხადების ჩაბარება და სხვა პროცედურების გავლა სწრაფად და კომფორტულად.
დამატებითი სერვისის სახით ვიზიტორებისათვის უფასო იურიდიული კონსულტაცია, საბანკო სერვისი, უფასო ინტერნეტი და საბავშვო კუთხეა გათვალისწინებული.
პირველი საზოგადოებრივი მისაღები გლდანის №8 და №18 დაწესებულებებთან გაიხსნა, ეტაპობრივად კი სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებასთან ამოქმედდება.