"რუსეთის საზოგადოებაში დაიწყეს ფიქრი იმ შეცდომებზე, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში რუსეთს მოუვიდა დაუშვა საქართველოში შემოჭრითა და ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებით", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ დენის დვორნიკოვის სტატიის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოს ხელისუფლების შეცვლა და მთავრობის რუსეთის გენერალ-გუბერნატორით ჩანაცვლება სურს.
"სტატიის შინაარსი და ტონალობა კონსტრუქციულია და მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთის საზოგადოებაში დაიწყო ფიქრი შეცდომებზე. თვითონ ეს სტატია იმდენად გასაკვირი არ იყო, რამდენადაც რეაქცია, რომელიც სტატიამ გამოიწვია. მე არ მახსოვს რუს ექსპერტს, რომელიც მუშაობს, რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის მიერ დაფინანსებულ ინსტიტუტში და რომელსაც ხელმძღვანელობს საგარეო დაზვერვის ყოფილი გენერალ-ლეიტერნატი ვინმე რეშეტნიკოვი, ასე ღიად დაეფიქსირებინოს, რას ფიქრობენ კრემლის კორიდორებში საქართველოს მომავალზე", - განაცხადა ჟურნალისტებთან ვაშაძემ.
მინისიტრმა ყურადღება სტატიის იმ ნაწილზე გაამახვილა, სადაც საუბარია იმაზე, რუსეთს საქართველოს ხელისუფლების შეცვლა და მთავრობის გენერალ-გუბერნატორით ჩანაცვლება სურს.
"მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ აბზაცზე, სადაც საუბარია იმაზე, რომ რუსეთს უპირველესად სჭირდება საქართველოში მთავრობის შეცვლა და სასურველია ეს მთავრობა რუსი გენერალ-გუბერნატორით შეიცვალოს. მე მოხარული ვარ, რომ ჩემს ინტერვიუს უკრაინაში ეს სტატია მოჰყვა, რადგან ვერავინ ვეღარ დამდებს ბრალს, რომ მე ვარ უსაფუძვლო ეჭვებით შეპყრობილი", _ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსულ პრესაში გამოჩნდა რუსეთის საზოგადოებრივი პალატის დენის დვორნიკოვის სტატია, სადაც საუბარია საქართველო-რუსეთის არსებულ და სამომავლო ურთიერთობებზე.