სოფელ მერეთში დღეს მომხდარ დაპირისპირებაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები და ე.წ. ზონდერები მონაწილეობდნენ, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილმა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში ოფიციალურად ჩართო მაშველი რაზმი. მისივე მტკიცებით, დაპირისპირებაში მონაწილე არც ერთი ადამიანი ადგილობრივი მცხოვრები არ ყოფილა.
"მე და ირაკლი ალასანია გორის რაიონის სოფელ მერეთში მოსახლეობასთან შეხვედრას ვაპირებდით. მოსახლეობა იყო აბსოლუტურად მობილიზებული. მგონია, რომ არც ერთი ოჯახი არ დარჩენილა, ვინც ჩვენთან შეხვედრაზე არ გამოსული. ყველა იყო განწყობილი, რათა დაესვა შეკითხვები, თუმცა იქ მიიყვანეს ყვითელი ავტობუსით ხალხი, რომელშიც ამოიცნეს კუდ-ის წარმომადგენლები და ე.წ. ზონდერები - ხალხი, რომელსაც მიშა ავტობუსებით ატარებს და, რომელიც მას ტაშს უკრავს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილის შეფასებით, ე.წ. ზონდერებში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გორის რაიონის სამაშველო სამსახურის უფროსიც ამოიცნეს.
"სამაშველო სამსახური ძალიან ცდილობდა, ეშველა იმ პროცესებისთვის, რომელიც ხელისუფლების დასასრულს მოასწავებდა არჩევნების მოახლოებასთან ერთად. კარგად ჩანს, რომ სააკაშვილის საშველი აღარ იქნება და ის წააგებს არჩევნებს. სამაშველო სამსახურის გამოყენება ხდება იმ პროცესების საშველად, რომელიც ძალიან ლოგიკურად ვითარდება. ხალხი აცნობიერებს, ვინ არის სააკაშვილი და ძალიან დიდი მზადყოფნა არსებობს იმისთვის, რომ მივიდეთ არჩევნებამდე და უარი ვთქვათ მოძალადე ხელისუფლებაზე. სააკაშვილმა ამ პროცესში ოფიციალურად ჩართო მაშველი რაზმი", - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, დაპირისპირების დროს დაზარალდა ერთ-ერთი ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ამ დროისთვის საავადმყოფოშია მოთავსებული, რომელსაც ყურადღებას თავად მიაქცევენ.