„ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერის მანანა ნაჭყებიას განცხადებით, სოფლებში საჯარო სკოლების დიდი ნაწილი უმძიმეს მდგომარეობაშია და მათი ნაწილის გამოყენება სასწავლო დაწესებულებად საშიშია უსაფრთხოების თვალსაზრისით.
„ხელისუფლების „წარმატებულ რეფორმებში" ერთ-ერთ მოწინავე ადგილს განათლების რეფორმა და საჯარო სკოლების თითქოს ბევრად გაუმჯობესებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა იკავებს. „ახალი მემარჯვენეების" ფართომასშტაბიანმა აქციამ საქართველოს სოფლებში დაგვანახა, რომ რეალობა სულ სხვაა. პრაქტიკულად ყველა რეგიონის სოფლებში საჯარო სკოლების მდგომარეობა უმძიმესია. მათი ნაწილის გამოყენება სასწავლო დაწესებულებად საშიშია უსაფრთხოების თვალსაზრისით", - აღნიშნა ნაჭყებიამ და ამის დასადასტურებლად ჟურნალსტებს საქართველოს რამდენიმე სოფლის საჯარო სკოლების ფოტოები წარუდგინა.
„ამ ფოტოებს კომენტარი არ სჭირდება. თუ ვინმეს მაინც დაებადება კითხვა და გაუჩნდება ეჭვი, რომ ეს სკოლის შენობებია, მინდა ვუთხრა, რომ ეს მართლაც სკოლების შენობებია. როგორცთვითონ სოფლების მაცხოვრებლები ამბობენ, თავმოყვარე ადამიანი საქონლის დასაბინავებლადაც არ გამოიყენებს. ამის მიხედვით ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება - სოფელი და მისი სკოლა ამ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი არ არის", - განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.
მისი თქმით, კანონის თანახმად უკვე დაწყებული უნდა იყოს 2013 წლის ბიუჯეტზე მუშაობის პროცესი და საქართველოს მთავრობამ მინიმუმ უნდა გააორმაგოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისთვის გამოყოფილი თანხები.
„სირცხვილია 21-ე საუკუნის საქართველოში ასეთი სკოლების არსებობა. დანაშაულია ბავშვები აიძულო ან ასეთ სკოლებში ისწავლონ, ან სკოლამდე რამდენიმე კილომეტრი ფეხით იარონ. როცა 8 წლის განმავლობაში ქვეყანაში მიღწეულ არნახულ წარმატებებზე ლაპარაკობთ, იცოდეთ, რომ ამ ბავშვებისთვის სამშობლო აქედან იწყება - საკუთარი სოფლიდან, სადაც მათ არანაირი პირობები არ აქვთ ცხოვრებისთვის, სახლიდან - სადაც სიღარიბე და გაჭირვებაა, სკოლიდან - სადაც სწავლა და ცოდნის მიღება შეუძლებელია", - განაცხადა ნაჭყებიამ.