არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლმა'' წამების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარლამენტის წინ აქცია გამართა და ხელისუფლებას მოუწოდა აქტიური და ქმედითი ნაბიჯები გადადგას არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
წამების აკრძალვა, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის უმნიშვნელოვანესი გარანტი ასახულია არაერთ საერთაშორისო სამართლებრივ აქტში და საქართველოს კონსტიტუციაში. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღედ 26 ივნისი 1997 წელს გამოაცხადა.
წამების აკრძალვას აბსოლუტური ხასიათი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ წამების შეზღუდვა დაუშვებელია და კანონი არ ცნობს გამონაკლისს, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას გაამართლებდა, შესაბამისად, არ უშვებს არანაირ გადახვევას ომის ან სხვა საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი.
ტერმინი „წამება" გულისხმობს პირისათვის ისეთი პირობების შექმნას ან ისეთ მოპყრობას, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით ან ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ ან მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირისაგან ინფორმაციის, მტკიცებულების ან აღიარების მოპოვება, მისი იძულება, დაშინება ან დასჯა.
ადამიანის წამების კუთხით, დღევანდელი მდგომარეობა საქართველოში საკმაოდ საგანგაშო და შემაშფოთებელია.
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებათა 2011 წლის მდგომარეობას ასახავს, აღნიშნულია, რომ 2010 და 2011 წლის განმავლობაში თავისუფლებაშეზღუდულ პირთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები საკმაოდ ხშირად დაფიქსირდა.
ანგარიშში მითითებულია, რომ პატიმრების მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებული პრობლემების მოუგვარებლობა რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული, რომელთა შორისაა სისტემის თანამშრომელთა შორის დანერგილი დაუსჯელობის სინდრომი, შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების პასიურობა და ფაქტებზე არასათანადო რეაგირება.
Amnesty International-ი, მსოფლიოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2011 წლის ანგარიშში აღნიშნავს, რომ საქართველოში კვლავ რჩება შემაშფოთებელი მდგომარეობა არასათანადო მოპყრობის მხრივ, როგორც პირთა დაკავების დროს, ისე პოლიციის განყოფილებებში.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, ადამიანის უფლებების შესახებ 2011 წლის ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს საქართველოში არსებულ ვითარებაზე წამებისა და არასათანადო მოპყრობის კუთხით.
ანგარიშში ნათქვამია, რომ, წამების ფაქტების შესახებ გამოძიების მწარმოებელი ორგანოები, წამების ქმედებებს ხშირად აკვალიფიცირებენ, როგორც სამართალდამცავი თანამდებობის პირების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას, რის გამოც დანაშაულის ჩამდენ თანამდებობის პირებს მხოლოდ მსუბუქი სანქციები ეკისრებათ ხოლმე; პოლიცია კვლავაც ხშირად იყენებს გადამეტებულ ძალას პირთა დაკავების, დაკითხვის და დაკავებულ პირთა გადაყვანის დროს.
უნდა ითქვას, რომ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებსა და პენიტენციურ სისტემაში არსებული ამჟამინდელი მდგომარეობა, წამებისა და არასათანადო მოპყრობის მხრივ, ამსხვრევს თავისუფალი სახელმწიფოს დემოკრატიულ ღირებულებებს და მნიშვნელოვნად აფერხებს სახელმწიფოს წინსვლასა და განვითარებას.
,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი'' მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოავლინოს პოლიტიკური ნება იმისათვის, რომ აქტიური და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას მსგავსი მდგომარეობის აღმოფხვრისათვის, ადამიანის წამების ყოველი ფაქტის მიმართ სათანადო რეაგირებისა და ეფექტური გამოძიებისათვის, დამნაშავე თანამდებობის პირთა გამოვლენისათვის და მათთვის სათანადო პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის.