გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვიც. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, „BMW"-ს მარკის ავტომანქანა და „ფორდის" მარკის კერძო სამარშრუტო ტაქსი ერთმანეთს შეეჯახნენ. სამარშრუტო ტაქსში ცოლ-ქმარი, მსუბუქ ავტომანქანაში კი ხუთი ადამიანი ისხდნენ.
გურჯაანის სამედიცინო ცენტრის ექიმის ზაზა ღვინიაშვილის განცხადებით, ავარიის შედეგად სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არცერთ დაშავებულს არ მიუღია.
„ჩვენთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული 7 ადამიანი შემოიყვანეს, მათ შორის იყო მცირეწლოვანი ბავშვიც. დაშავებულებს მსუბუქი ტრავმები ძირითადად გულ-მკერდისა და თავის მიდამოებში აღენიშნებოდათ, არცერთი მათგანის მდგომარეობა მძიმე არ ყოფილა. 4 დაზარალებული საავადმყოფოდან გუშინვე გავწერეთ, 3 კი დღეს გაეწერება," - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ზაზა ღვინიაშვილმა.