სავალუტო ფონდის პრეზიდენტმა ქრისტინ ლაგარდმა ევროზონის ქვეყნებს მოუწოდა კრიზისულ ბანკებს პირდაპირ დაეხმარონ და განხორციელებული ეკონომიური რთული პირობები იმ ქვეყნების მიმართ გაამარტივონ, რომლებმაც დახმარებები მიიღეს.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, როგორც ევროზონის უძლიერესი ქვეყნის ლიდერი, ამ დრომდე ამ ნაბიჯს ეწინააღმდეგებოდა.
"სავალუტო ფონდი ევროპის მდგომარეობას სავალალოდ მიიჩნევს. ჩვენ ვხედავთ რომ ევროზონაში ბანკებზე ზეწოლა უფრო იზრდება", - დასძინა ლაგარდმა.
ლაგარდის განცხადების პარალელურად მერკელი იტალიის პრემიერ - მარიო მონტისთან, საფრანგეთისა და ესპანეთის ლიდერებთან შესახვედრად და ევროს გადასარჩენად, საერთო სტრატეგიაზე სასაუბროდ რომში ჩავიდა.
მერკელის რომში ჩასვლას ზოგიერთი ევროკავშირის გადარჩენის მიზნით განხორციელებულ ვიზიტს უწოდებს.
გერმანიის მთავრობის მოწინააღმდეგეები მერკელს აკრიტიკებენ და აცხადებენ რომ მან ევროს კრიზისის მოსაგვარებლად დიდი თანხები დახარჯა და ახლა ეს პროცესი უნდა შეჩერდეს. ამ მიმართულებით გერმანიის პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლომ მოუწოდა საფინანსო დისციპლინის ხელშეკრულებაზე კენჭისყრა შეაჩეროს.
გერმანიის უზენაესმა სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ ამ ხელშეკრულებაზე გადახედვისა და მასში მონაწილეობისათვის გერმანიას კიდევ 3 კვირა აქვს წინ. საკონსტიტუციო სასამართლოს სპიკერმა განაცხადა: სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტს მოუწოდა საფინანსო ხელშეკრულების ხელმოწერა და ევროპის საფინანსო დახმარების პროგრამაში ჩართვა შეაყოვნოს.
საკონსტიტუციო სასამართლოს სპიკერის განცხადებით, მის უწყებას განზრახული აქვს სამი კვირის განმავლობაში ამ გეგმის განხორციელების შედეგად შესაძლო საკანონმდებლო გამოწვევები შეისწავლოს.
გეგმის მიხედვით, გერმანიის პარლამენტმა ევროპის საფინანსო სისტემის გადარჩენის პროექტში მონაწილეობას კენჭი 29 ივნისს უნდა უყაროს. ამ პროექტის დამტკიცებას პარლამენტის წევრების ხმების ორი მესამედი ესაჭიროება.