მსოფლიო ფეხბურთის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ, საკუთარი დაბადებიდან 9999-ე დღეს, მშობლიური ქვეყნის ნაკრები ევრო-2012-ის ნახევარფინალში გაიყვანა. ჩეხეთს, რომლის კარს ლონდონის „ჩელსის" კიპერი პეტრ ჩეხი იცავს, „არისტოკრატთაგან" ბოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალში ნამოქმედარის გამეორება არ გამოუვიდა. ამის მიზეზი ერთადერთია - მიხალ ბილეკის შეგირდთა შორის დიდიე დროგბა არაა.
სამაგიეროდ, პორტუგალიას ჰყავს რონალდუ, რომელმაც მეტოქის ძელების არაერთხელ „მოკითხვის" შემდეგ, შესანიშნავი თავურით შეძლო დაცვაში „მყარად ჩამჯდარი" ჩეხეთის დამწუხრება. ეს მოხდა 79-ე წუთზე, როცა შესაძლოა ბევრი თამაშის დამატებით დროში გაგრძელებაზე ფიქრობდა.
საკმარისია მატჩის ოქმს შეავლოთ თვალი, რომ დარწმუნდეთ - ამ მეოთხედფინალის თუნდაც 90 წუთზე მეტხანს გაგრძელება, უსამართლობა იქნებოდა. მაგრამ ეს ხომ ფეხბურთია, სადაც ტაბლოზე დაფიქსირებულს ენიჭება უპირატესობა და არა, სტატისტიკოსის ბლოკნოტში ჩაწერილს.
სხვათა შორის, ვარშავის „ნაციონალურზე" დაჭიდებულმა ორივე მეოთხედფინალისტმა, ევრო-2012 მარცხით დაიწყო - პორტუგალიამ გერმანიასთან 0:1 წააგო, ჩეხეთმა რუსეთთან 1:4. ამის მიუხედავად, სლავები ჯგუფიდან პირველი ადგილით მოხვდნენ პლეი ოფში, პირენელები კი, ე.წ. „სიკვდილის ჯგუფში" მეორეს დასჯერდნენ.
რონალდუს და კამპანიას მორიგი მატჩი 27 ივნისს ელოდება. ამ დღეს, დონეცკში გასამართ ნახევარფინალში, მათი მეტოქე ესპანეთსა და საფრანგეთს შორის გამარჯვებული იქნება.
ჩეხეთი - პორტუგალია 0:1 (0:0)
ვარშავა. 21 ივნისი, 2012. „ნაციონალური". 55590 მაყურებელი. 22:45
ჩეხეთი (4-2-3-1): ჩეხი, გებრე სელასიე, სივოკი, კადლეცი, ლიმბერსკი, ტომას ჰიუბშმანი (პეჰარტი, 86) პლაშილი, იირაჩეკი, დარიდა (რეჟეკი, 61), პილარჟი, ბაროში.
მთავარი მწვრთნელი: მიხალ ბილეკი.
პორტუგალია (4-3-3): პატრისიუ, პერეირა, პეპე, ბრუნო ალვეში, კოენტრაუ, ველოზუ, მეირელეში (როლანდუ, 88), მოუტინიო, ნანი (კუშტოდიუ, 84), პოშტიგა (ალმეიდა, 40), რონალდუ.
მთავარი მწვრთნელი: პაულუ ბენტუ.
გაფრთხილებები: ნანი (26), ველოზუ (27), ლიმბერსკი (90).
გოლი: 0:1 რონალდუ (79).
მსაჯები: ჰოვარდ უები; მაიკლ მულარკი (ორივე ინგლისი), სანდერ ვან როეკელი (ჰოლანდია); მარტინ ატკინსონი, მარკ კლატენბურგი (ორივე ინგლისი); იონას ერიკსონი (შვედეთი).
დარტყმა 1 (0)-20 (9); ჯარიმა 12-7; კუთხური 6-11; თამაშგარე 1-3; ბურთის ფლობა 42%-58%; სეივი 6-0.