დღეს, 21 ივნისს, ბიძინა ივანიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. სააპელაციო განხილვა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით 10:00 საათზე მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.
პროცესი 21 ივნისისთვის 15 ივნისს გადაიდო. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ბიძინა ივანიშვილის ადვოკატთა ჯგუფის წარმომადგენელმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა, პროცესის გადადების მიზეზად სასამართლომ დაასახელა ის, რომ სასამართლო დარბაზში სხვა პროცესის ჩატარების დრო მოდიოდა და რეგლამენტით არა შეიძლებოდა ივანიშვილის პროცესი გაგრძელებულიყო.
შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლოში 15 ივნისს ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი განიხილეს. ივანიშვილის ინტერესებს პროცესზე ადვოკატები შალვა თადუმაძე, ალექსანდრე ბარამიძე, არჩილ კბილაშვილი და ზაქარია ქუცნაშვილი იცავდნენ, პრეზიდენტის მხარეს კი წარმოადგენდა თინათინ სირაძე, სამოქალაქო რეესტრს ჟანა ქოიავა და გიორგი გაბრიელაშვილი. საქმეს იხილავდნენ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები თეა ძამისტარაშვილი, ირაკლი შენგელია და ქეთევან დუგლაძე.