გერმანელი კანონმდებლებს აინტერესებთ, როგორ მონაწილეობენ საქართველოს მოქალაქეები კანონების მიღებაში. ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის წვრმა გიუნტერ ბაუმანმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან და დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"გვინდა ინფორმაცია მივიღოთ საქართველოში სამოქალაქო მონაწილეობის შესახებ საკაკნომდებლო სისტემაში, თუ როგორ სრულდება ეს კანონები, როგორ მონაწილეობს მოქალაქე კანონების მიღებაში", - აღნიშნა სტუმარმა ჟურნალისტებთან.
საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილის განცხადებით კი, შეხვედრაზე მოხდა გამოცდილების გაზიარება, თუ როგორ ხდება საჩივრების მიღება, განხილვა და რეაგირება გერმანიის პარლამენტის პეტიციების კომიტეტში. მისი თქმით, გერმანელი სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოს პარლამენტის საქმიანობით და ფუნქციებით.
გერმანიის პარლამენტის პეტიციების კომიტეტის წევრები საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან. ხვალ სტუმრები შეხვდებიან სახალხო დამცველსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.