მიუხედავად იმისა, პრაქტიკულად ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია, საკუთარ დასკვნებში, ჩვენს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას კრიტიკულად აფასებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით და მოუწოდებს დღევანდელ ხელისუფლებას, რომ შეწყვიტოს ზეწოლა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებზე, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სახელისუფლო ტერორი საქართველოში ყოველდღიურად ძლიერდება. ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის" სათათბიროს წევრმა ბესიკ ტაბატაძემ და თორნიკე არევაძის ადვოკატმა ნონა ფილაურმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
მათი თმით ხელისუფლების ტერორის მსხვერპლი გახდა „სახალხო კრების" ქვემო ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თორნიკე არევაძე.
"ქალაქ რუსთავში, 8 მარტს მომხდარი ინციდენტის გამო, თორნიკე არევაძე დააკავეს 8 მაისს, რაც ყველაზე მთავარია ამ ინციდენთთან თორნიკე არაფერ შუაშია, იგი უბრალოდ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ისევე როგორც ბევრი სხვა მოქალაქე (ინციდენტი მოხდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე). რუსთავის საქალაქო სასამართლომ თორნიკე არევაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურორი მირზა სუბელიანი არევაძის 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითხოვს, სასამართლო პროცესი ხვალ 21 ივნისს 15 საათზეა დანიშნული", = აღინიშბა ბრიფინგზე.
დემოკრატიული მოძრაობა მიიჩნევს, რომ თორნიკე არევაძე საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებისა და აქტიურობის გამო წლების მანძილზე განიცდის დევნას არსებული რეჟიმის და ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან.
"მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ არაერთხელ იყო დაშინების, დატერორებისა და პროვოკაციის მოწყობის მცდელობა, თორნიკეს არასოდეს დაუხევია უკან სამართლიანობისათვის ბძოლაში. მიმდინარე წლის 27აპრილს სტუდია „ობიექტივის" ეთერში მან ღიად ისაუბრა რუსთავში სამთავრობო გუნდის და ვანო მერაბიშვილის მიერ მოწყობილ ფარული შეხვედრების დეტალებზე. სწორედ ამ ეთერიდან რამდენიმე დღეში თორნიკე არევაძე უკანონოდ დააპატიმრეს", - აცხადებენ დემოკრატიულ მოძრაობაში.
მათივე განმარტებით, არევაძესთან ერთად ასევე დაკავებულია ვახტანგ დანელია, კუდის ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც უშუალოდ მიუძღვის ბრალი მომხდარ ინციდენტში.
"თორნიკე არევაძეს დაკავების დღიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ამყოფებენ. მისივე თქმით, მთავარ სამმართველოში მიყვანის შემდეგ პოლიციის მაღალჩინოსნებმა მას 27 აპრილის„ობიექტივში", ჩვენს მიერ ზემოხსენებული გამოსვლა გაახსენეს. საქმეში არსებული დარღვევებისა და სხვა დეტალების შესახებ, უფრო დაწვრილებით თორნიკე არევაძეს ადვოკატი ქალბატონი ნონა ფილაური მოგახსენებთ. ხოლო ჩვენ, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, ხვალიდან, დიდი ალბათობით, „სახალხო კრებასა" და „დემოკრატიულ მოძრაობას" ერთი პოლიტპატიმარით მეტი გვეყოლება. 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი სადამსჯელო სპეცოპერაციის შემდეგ 42 პოლიტპატიმარი გვყავს, მაგრამ ჩვენ ამით ვერ შეგვაშინეს. დაარსების დღიდან არც „სახალხო კრებას" და არც „დემოკრატიულ მოძრაობას" ერთი წუთით არ შეგვიჩერებია ბრძოლა არსებული რეჟიმის წინააღმდეგ. დარწმუნებულნი ვართ ჩვენს სიმართლეში, ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას", - აცხადებენ დემოკრატიულ მოძრაობაში.