აფხაზმა სეპარატისტებმა გალის რაიონში არსებულ კრიმინოგენულ მდგომარეობას საგანგებო თათბირი მიუძღვნეს. აფხაზური მხარე აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას იუწყება, რომ თათბირი "გალის რაიონში საქართველოს ტერორისტული დაჯგუფებების გააქტიურებას" ეძღვნებოდა.
თათბირს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი, მისი მოადგილე მიხაილ ლოგუა, ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა და ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ "ტერორიზმის საკითხს გალის რაიონში მიეძღვნა ცალკე შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე"
"ჩვენ განვაცხადეთ, რომ საქართველომ გალის რაიონში ტერორისტული საქმიანობა განაახლა და ავღნიშნეთ, რომ ეს ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება", _ განაცხადა ჩირიკბამ და დასძინა, რომ აფხაზურმა დელეგაციამ ამასთან დაკავშირებით ჟენევაში აშშ-ს წარმომადგენლებს მიმართა და მათ განუცხადა, რომ "საქართველოს სპეცსამსახურების მიერ გალის რაიონში ტერორისტული საქმიანობის გააქტიურებამ შესაძლოა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა პროცესის ჩაშლა გამოიწვიოს".
ამას გარდა, შეხვედრაზე აღნიშნა, ისიც, რომ ბოლო დროს გალის რაიონში გახშირდა მძიმე დანაშაულებების ჩადენისა და ადამიანთა გატაცების შემთხვევები.
"გალის რაიონში მომხდარ დანაშაულებებზე საპირისპირო მხარეს ხისტი პასუხი უნდა გავცეთ", _ განაცხადა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა. აღსანიშნავია, რომ სეპარატისტები გალის რაიონში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებასთან დაკავშირებით მალე ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვას გეგმავენ.