პროექტი "თარგმნე ქართული ზღაპრები ინგლისურად" დასრულებულია. პროექტის ფარგლებში ითარგმნა "კომბლე"," ასფურცელა", "ნაცარქექია", "წიქარა", "მუჭანახევარა", "ხუთკუნჭულა", "ცეროდენა", "რწყილი და ჭიანჭველა" და "მეჩონგურე".
პროექტის იდეა ამერიკულ სასწავლო ცენტრ "ლანგეითს" და "ამერიკის მეგობართა კლუბს" ეკუთვნის. პროექტის ავტორებმა გადაწყვიტეს, საქართველოდან ემიგრირებული ბავშვებისთვის შეექმნათ ორენოვანი - ქართულ-ინგლისური - წიგნი და საჩუქრად გაეგზავნათ უცხოეთში მცხოვრები ბავშვებისთვის. წიგნი სამშობლოსთან მათი კავშირის შენარჩუნების, აღზრდისა და ენის შესწავლის საუკეთესო საშუალება იქნებოდა.
პროექტში მონაწილეობდა "გამოყენებითი ხელოვნების სკოლაც", რომლის აღსაზრდელებმაც ქართული ხალხური ზღაპრების თემაზე შექმნილი ილუსტრაციების კონკურსში გაიმარჯვეს. მათი რამდენიმე ნახატი ამ წიგნის გასაფორმებლადაც არის გამოყენებული. მათვე დადგეს სპექტაკლები ინგლისურ ენაზე და ისინი DVD-დისკებზე ჩაწერეს, რომლებიც საჩუქრად წიგნებთან ერთად გაეგზავნებათ ქართველ ემიგრანტ ბავშვებს. ამერიკაში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის სპეციალური საჩუქარი მოამზადა "საავტორო სტუდიამაც". მათთვის ინგლისურად გადათარგმნილი ზღაპრების აუდიოვერსია CD-დისკებზედაც ჩაიწერა.
პროექტი მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყო და ის რამდენიმე ეტაპს მოიცავდა: პირველად სამ ეტაპად გამოცხადდა კონკურსი ბავშვებისთვის. კონკურსის მონაწილეებს ინგლისურად უნდა ეთარგმნათ ქართული ხალხური ზღაპრები. კომპეტენტურმა ჟიურიმ განიხილა საკონკურსოდ წარმოდგენილი თარგმანები და მათგან ცხრა საუკეთესო ტექსტი შეარჩია, რომლებიც შემდეგ გამომცემლობა "ლეთას" მიერ გამოცემულ წიგნში შევიდა. კონკურსში გამარჯვებულებს ფულადი პრემიები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.