ამიერიდან ბიოპროდუქტების შეკვეთა და სახლში მიტანა ხდება შესაძლებელი. 1-ლი იანვრიდან კომპანია "ბიოფუდი" თბილისის მასშტაბით ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის სახლში მიტანის სერვისს ამოქმედებს.
როგორც საგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანია "ბიოფუდიდან" აცნობეს, მათ მიერ წარმოებული პროდუქტი ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციაა, რომლის მოყვანა და დამზადებაც მარნეულის რაიონში ხდება.
"მომსახურეობის სერვისი და ფასები უბნების მიხედვით დიფერენცირებულია. ვაკის, საბურთალოს, დიდუბის, მთაწმინდის, ავლაბრის და კრწანისის უბნებში ნებისმიერი რაოდენობის პროდუქციას, რომელის საერთო ღირებულება 30 ლარს აღემატება, უფასოდ მივიტანთ. ხოლო 30 ლარამდე ღირებულების პროდუქტის ბინაზე მიტანისას დამატებით 3.75 ლარი დაემატება.
გლდანში, ჩუღურეთში, ვაშლიჯვარში, ვარკეთილში, ისან-სამგორში 35 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციას ბინაზე უფასოდ მივიტანთ, ხოლო 35 ლარამდე ღირებულების პროდუქციას, ბინაზე მიტანის საფასური 4.75 ლარი დაემატება. წყნეთში, კიკეთში, კოჯორში, ტაბახმელაში, შინდისში, წავკისში, რუსთავში, მცხეთაში, საგურამოში 100 ლარზე მეტი მოცულობის პროდუიქციის ბინაზე მიტანა კლიენტს უფასოდ შეეძლება, ხოლო 100 ლარამდე პროდუქციის შეძენისას პროდუქციის ღირებულებას 14.75 ლარი დაემატება"- განუცხადეს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" "ბიოფუდში".
მსოფლიო გამოცდილებით, ბიოპროდუქტი მასობრივას ნაწარმოებ პროდუქტთან შედარებით ძვირია. როგორც "ბიოფუდში" განმარტავენ, მათი პროდუქცია ჩვეულებრივ პროდუქციასთან შედარებით 2-ჯერ მეტი ღირტს, თუმცა "ბიოფუდის" მიერ წარმოებული პროდუქცია ბიოლოგიურად სუფთა მეთოდებითაა დამზადებული და ნიტრატებს არ შეიცავს.
გარდა ტრადიცული პროდუქტებისა, "ბიოფუდი" კლიენტებს კამეჩის მაწონსა და თხის რძესაც სთავაზობს.
"ბიოფუდში" აცხადებენ, რომ მათ მიერ წარმოებული კამეჩის მაწონი (0,5 ლიტრი) 2.3 ლარი ღირს, თხის რძე (1 ლიტრი) 3,5 ლარი, კურდღლის ხორცი (1 კგ) 12,5 ლარი, იხვის ხორცი (1 კგ.) 9 ლარი, ხის სოკო (1 კგ.) 8 ლარი, სალათი (0,5 კგ) 10 ლარი ღირს.