დღეს, 26 იანვარს, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა, საგურამოში მდებარე ,,ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრი" მოინახულა.
"სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზანია, რომ მევენახეობა საქართველოში უფრო მრავალფეროვანი გახდეს. ამისათვის საქართველოს ყველანაირი რესურსი გააჩნია. ამის ნათელი მაგალითია ,,ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის" ვენახები, სადაც თავმოყრილია მაღალი ხარისხის საღვინე და სასუფრე ვაზის აბორიგენული, ასევე საქართველოს პირობებისთვის უკვე აპრობირებული უცხოური ჯიშებიც. სასურველი იქნება თუ ნერგის მწარმოებლები შემდეგი გამრავლებისთვის აქ თავმოყრილ მაღალი ხარისხის ჯანსაღ სანერგე მასალას გამოიყენებენ", - განაცხადა ბაკურ კვეზერელმა.
"ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრი" განთავსებულია 54 ჰა ფართობზე. ცენტრის მიზანია მოწინავე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საბაზისო სანერგის მოწყობა საქართველოში, სადაც ხორციელდება ჯიშურად გარანტირებული ფიტოსანიტარულად ჯანსაღი საბაზისო და სერტიფიცირებული ნერგის წარმოება. რისთვისაც აქ მოწყობილია ფილოქსერაგამძლე საძირეთა და საღვინე-სასუფრე ვაზის ჯიშების სანამყენეთა საბაზისო სადედეები (ვენახები).
ეროვნული ცენტრის ფუნქციაა, სანერგე მეურნეობებისთვის აწარმოოს უვირუსო, სელექციურად ერთგვაროვანი სარგავი მასალა, რომლის შემდგომში გამრავლების გზით მაღალი ხარისხის ვაზის სერტიფიცირებული ნერგები ხელმისაწვდომი გახდება გლეხებისა და ნებისმიერი მსურველისათვის.
ეროვნული ცენტრის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს ვაზის გენოფონდის საკოლექციო ნარგაობა, სადაც წარმოდგენილია 400-ზე მეტი ქართული აბორიგენული ვაზის ჯიში.