საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, განათლების და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან ერთად, თბილისის საჯარო სკოლების 150 მეათეკლასელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პერსონალური კომპიუტერები გადასცა.
დაჯილდოებულმა მოსწავლეებმა 2011-2012 სასწავლო წელს საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს.
"ვფიქრობ, დღევანდელი დღე თქვენთვის იქნება მოტივაცია იმისთვის, რომ როდესაც გაიზრდებით, იყოთ წარმატებულები, ჩაიბაროთ ქვეყანა, გააგრძელოთ საქართველოს აშენება და განვითარება", - მიმართა ბაქრაძემ მოსწავლეებს.
მისი თქმით, საქართველოს წარმატებისთვის, განათლებული, მოტივირებული და მონდომებული ახალგაზრდა თაობის ყოლას გადამწყვეტი როლი აქვს. მოსწავლეების დაჯილდოება პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ხორციელდება. მისი მიზანი საქართველოს სკოლებში წარჩინებული მოსწავლეების წახალისება და თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. მიმდინარე წელს, საქართველოს მასშტაბით, კომპიუტერებით სულ 1022 წარმატებული მოსწავლე დაჯილდოვდება.