სააკაშვილი მეგობარ ქვეყნებს უმტკიცებს, რომ თვითონ და მისი გუნდია პროგრესული, თორემ საქართველოს მოსახლეობა გაუნათლებელია და ჩამორჩენილი, - ამის შესახებ ოზურგეთში მიმდინარე "ქართული ოცნების" აქციაზე კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ახლა, როცა უკვე ოპოზიციასაც გაუჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ ხმა მიაწვდინოს მთელ მსოფლიოს, და გააგებინოს, რა ხდება რეალურად საქართველოში, ყველამ დაინახა, თუ ვინ არის სინამდვილეში სააკაშვილი.
"ჩვენი დიდი ძალისხმევით, საბოლოოდ ჩამოვხსენით მას ნიღაბი. ამ ხელისუფლებაში ბევრია ისეთი, ვინც შოვნას და მოხვეჭას დახარბებული მოვიდა მთავრობაში. კარგადაც მოიხვეჭეს და ახლა მხოლოდ იმის შიში აქვთ, მათ ქონებას რამე არ დაემუქროს. ამ ადამიანებს, ცხადია, ძალიან გაუჭირდებათ ხელისუფლების დათმობა", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ მათ მხრაესაა სიმართლე.
"ჩვენ მხარეს არიან დემოკრატიული ქვეყნები. ისინი საქართველოს მხარეს არიან, ისინი ჩვენი ქვეყნის განვითარებას უჭერენ მხარს და არა სააკაშვილს და მის კრიმინალურ ჯგუფს. ჩვენ ვაჩვენებთ მთელ მსოფლიოს, რომ კანონიერი გზით, არჩევნებით გავისტუმრებთ ამ თავგასულ და ახირებულ ხელისუფლებას", - აღნიშნა ივანიშვილმა.