ტყუილია თითქოს ტანკი "ლაზიკა" საქართველოშია აწყობილი, რადგან ამისთვის საჭიროა ძალიან დიდი ქარხანა, რომელიც რეალურად საქართველოს არ გააჩნია, - ამის შესახებ ოზურგეთში მიმდინარე "ქართული ოცნების" აქციაზე კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
"ხელისუფლებას აჩემებული აქვს ლაზიკა. კაცმა არ იცის როგორ აპირებს ახალი ქალაქის აშენებას, რა თანხებით უნდა ააშენოს, ან როგორ შეიძლება ჭაობზე აშენებული ქალაქი ვინმესთვის საიმედო იყოს? რაც შეეხება ტანკ "ლაზიკას" სად არის საქართველოში ტანკის საწარმოებლად საჭირო ერთი დეტალი მაინც?! ტანკის წარმოება რომ შეძლო კილომეტრებზე გადაჭიმული მანქანათმშენებელი ქარხანა უნდა გქონდეს. გინახავთ სადმე ასეთი საწარმო?! ჩვენ არ ვართ ის ხალხი ასეთ ტყუილებს რომ დაიჯერებს", - განაცხადა ივანიშვილმა.