პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი ირაკლი სესიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:
"ჩემთვის სრულიად მოულოდნელი და გაუგებარია, ის რასაც ზაზა ჭელიძე საუბრობდა ვიდეო ჩანაწერში, რომელიც დღეს გავიდა რუსთავი-2-ის ეთერში, "კურიერის" სამსაათიან გამოშვებაში. მე დიდი ხანია ვიცნობ ზაზა ჭელიძეს, ვმეგობრობთ და დღეს ერთადაც ვაპირებდით ქალაქგარეთ ნაკვეთში მუშაობას. როგორც გავარკვიე, დღეს დილით მასთან სახლში მივიდნენ კუდ-ის და სოდ-ის თანამშრომლები და ფეხმძიმე მეუღლესთან და მის ძმებთან ერთად სადღაც წაიყვანეს. მე ვვარაუდობ, რომ აღნიშნული ვიდეოჩანაწერი გაკეთებულია მასზე და მის მეუღლეზე ზეწოლის შედეგად.
მე და ზაზას არაერთხელ გვისაუბრია უამრავ საკითხზე, მათ შორის პოლიტიკურ თემებზეც და საზოგადოებაში არსებულ განწყობებზე. მეც მითქვამს მისთვის და მასაც უთქვამს ჩემთვის, რომ უამრავი საჯარო მოხელე კერძო საუბრებში ოპოზიციურ განწყობებს აფიქსირებს. ზაზა, როგორც იუსტიციის სამინისტროს საექსპერტო ბიუროს ყოფილი მუშაკი, იცნობდა სამართალდამცავი ორგანოების ბევრ თანამშრომელს და იმასაც მეუბნებოდა ხოლმე, რომ ბევრი პოლიციელს თავად ამუვიდა ყელში ხელისუფლების მოქმედებები და ისინიც ელიან ცვლილებებს.
რაც შეეხება რაიმე თანხის სანაცვლოდ რაიმე უკანონო ქმედების განხორციელებას, ეს არის სრული აბსურდი და შეთითხნილი ბრალდება.
მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, შეწყვიტონ ზაზა ჭელიძის და მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლა ყალბი ჩვენებების მიღების მიზნით. აშკარაა, რომ მათი მიზანია ჩემი და კოალიცია "ქართული ოცნების" საწინააღმდეგო პიარ-კამპანია. ამიტომ მე თავად ვარ მზად, დაინტერესების შემთხვევაში, ვუპასუხო საზოგადოების და სამართალდამცავი ორგანოების ყველა კითხვას", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელის მოსყიდვის ფაქტზე "ქართული ოცნების" წევრი ზაზა ჭელიძე დააკავეს. ამასთან დაკავშირებით დღეს, შსს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა ბრიფინგი გამართა და შესაბამისი აღიარებების ჩანაწერები გაავრცელა.
შსს-მ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია პოლიციის თანამშრომლის მოსყიდვის ფაქტზე, კერძოდ, კასპის რაიონის იგოეთის განყოფილების ოპერატიულ თანამშრომელს, ლაშა კურტანიძეს პოლიციელების ფარული ჩაწერა დაევალა.
უტიაშვილის თქმით, კურტანიძის მიმართ მტკიცებულებების შეგროვების მიზნით, შეხვედრების სიმულირება განხორციელდა, რომლის შედეგად ჩანაწერების მოპოვებისა და გადაცემის ფაქტი დადასტურდა. უტიაშვილის ინფორმაციითვე, გამოძიების პროცესში კურტანიძეს წარედგინა მტკიცებულებები, რის შედეგადაც კურტანიძემ დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
შსს-ს ინფორმაციით, კურტანიძე ჩაერთო ოპერატიულ ღონისძიებებში, მოახდინა ზაზა ჭელიძის ჩაწერა, თუმცა, შემდეგ ჯერზე მან ჭელიძე გააფრთხილა და მიიმალა. უტიაშვილის ცნობით, ზაზა ჭელიძე დაკავებულია, ლაშა კურტანიძე კი ძებნაშია.
აღიარებით ჩვენებაში ლაშა კურტანიძე ჰყვება, რომ მან თავისი მეგობრის, ჯონი ქურციკიძის სახლში, დაახლოებით აპრილში, გაიცნო მისი სიძე ზაზა ჭელიძე, რომელმაც მას უთხრა, რომ მთავრობა უკვე შეცვლილია და დაინტერსდა, თუ რისი გაკეთება შეეძლო კურტანიძეს "გვერდში დგომისთვის". ამის შემდეგ, კურტანიძის ინფორმაციით, ის და ჭელიძე შეხვდნენ ონიაშვილის ქუჩაზე, რა დროსაც ჭელიძისგან მიიღო ჩამწერი აპარატურა თავისი აღჭურვილობით და მიიღო თხოვნა პოლიციელების განწყობების და განსაკუთრებით თათბირების ჩაწერისა.
კურტანიძე ასევე ჰყვება, რომ შემდეგ შეხვედრაზე ჩანაწერი გადასცა ჭელიძეს და შემდეგ კი მას უთხრა, რომ "ზევით" კმაყოფილები იყვნენ, განსაკუთრებით კი ბიძინა ივანიშვილი და ჭელიძისგან კონვერტი მიიღო. კურტანიძემ ეს კონვერტი სახლში გახსნა და როგორც ამბობს, მასში 3 ათასი დილარი იყო. ზაზა ჭელიძე კი ჩვენებაში ამბობს, რომ მან ლაშა კურტანიძე ცოლის ძმასთან გაიცნო და სთხოვა, რომ გაეკეთებინა ფარული ჩანაწერები პოლიციაში არსებულ მდგომარეობაზე. მისი თქმით, კურტანიძის მიერ მიტანილი ჩანაწერები შემდეგ მის მეგობარ ირაკლი სესიაშვილს მისცა, რომელმაც ასლის გადაღება მოითხოვა, შემდეგ კი კონვერტი მისცა, რომელიც მოგვიანებით ჭელიძემ კურტანიძეს მისცა.