შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელის მოსყიდვის ფაქტზე "ქართული ოცნების" წევრი ზაზა ჭელიძე დააკავეს. ამასთან დაკავშირებით დღეს, შსს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა ბრიფინგი გამართა და შესაბამისი აღიარებების ჩანაწერები გაავრცელა.
შსს-მ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია პოლიციის თანამშრომლის მოსყიდვის ფაქტზე, კერძოდ, კასპის რაიონის იგოეთის განყოფილების ოპერატიულ თანამშრომელს, ლაშა კურტანიძეს პოლიციელების ფარული ჩაწერა დაევალა.
უტიაშვილის თქმით, კურტანიძის მიმართ მტკიცებულებების შეგროვების მიზნით, შეხვედრების სიმულირება განხორციელდა, რომლის შედეგად ჩანაწერების მოპოვებისა და გადაცემის ფაქტი დადასტურდა. უტიაშვილის ინფორმაციითვე, გამოძიების პროცესში კურტანიძეს წარედგინა მტკიცებულებები, რის შედეგადაც კურტანიძემ დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
შსს-ს ინფორმაციით, კურტანიძე ჩაერთო ოპერატიულ ღონისძიებებში, მოახდინა ზაზა ჭელიძის ჩაწერა, თუმცა, შემდეგ ჯერზე მან ჭელიძე გააფრთხილა და მიიმალა. უტიაშვილის ცნობით, ზაზა ჭელიძე დაკავებულია, ლაშა კურტანიძე კი ძებნაშია.