შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ზუგდიდში ჩავიდა და "ჩემი ოჯახის კლინიკის" კუთვნილი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა. ჭიაბერაშვილი სამედიცინო ცენტრში მომუშავე ექიმებს შეხვდა და ჯანდაცვის მიმდინარე რეფორმის ძირითად მიმართულებებზე ესაუბრა.
150-საწოლიანი კლინიკა ულტრათანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი. აქ პაციენტებს ქირურგიული, ნეიროქირურგიული, ტრავმატოლოგიური, მეან-გინეკოლოგიური, ოფთალმოლოგიური, პედიატრიული, რადიოლოგიური, რეანიმაციული, დიაგნოსტიკური, სტაციონარული, თერაპიული და სხვა სერვისების მიღება შეუძლიათ. სამედიცინო ცენტრში 493 ადამიანი, მათ შორის160 ექიმი და 298 ექთანია დასაქმებული.
საავადმყოფოს ასაშენებლად სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაიმ" 7.8 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. კლინიკამ ფუნქციონირება 2009 წლის იანვარში დაიწყო. გახსნის შემდეგ ზუგდიდის ახალ სამედიცინო ცენტრში 20 056 პაციენტი მიიღეს.